Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია "გაბუნიას საქმეზე" - არავის მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის არ გამოიყენონ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მომზადების საქმე.

თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას ჰკითხეს, ხედავს თუ არა რუსულ კვალს და რა მტკიცებულება აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, როცა ამბობენ, რომ ეს საქმე ხელს ოპოზიციას აძლევს.

პრემიერ-მინისტრმა კონკრეტულად ამ შეკითხვებს არ უპასუხა და პირველი, რაც თქვა ის იყო, რომ საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ აღკვეთა მძიმე დანაშაული.

„მეორე - ეხლა საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა და ეს ყველაფერთან ერთად არის ჩვენი დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი. და მესამე - კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უსწრაფეს ვადებში, უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არავის არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - უთხრა მედიას გიორგი გახარიამ.

15 ივნისს, “მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე ბოკოვი ჩეჩნეთის მეთაურ კადიროვის დაკვეთით გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. 2019 წლის ივლისში, გაბუნიამ, რომელიც მაშინ „რუსთავი 2“-ის წამყვანი იყო, პირდაპირი ეთერიდან რუსულად აგინა პრეზიდენტ პუტინს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ „დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“. ვისი მკვლელობა მზადდებოდა, სუს-ში ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაბუნია და გვარამია გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა, ისინი უწყებაში არ მივიდნენ და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG