Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-გან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით 20 ივნისს დაზარალებულმა 3-მა პირმა სასამართლოს მიმართა


2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებულმა სამმა პირმა 18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, - ინფორამციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.

საიას ცნობით, ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო მატერიალური ან/და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მოსარჩელეთა შორის 1 ჟურნალისტი და აქციის 2 მონაწილეა. სასამართლოში მათ ინტერესებს საია იცავს.

ორგანიზაციის თანახმად, ჟურნალისტი 20-21 ივნისის მოვლენების ეპიცენტრში პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს დაზიანდა. მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა მხარში, რის შედეგადაც მხრის ღია სისხლმდენი ჭრილობა და მარცხენა მხრის ძვლის ღია მოტეხილობა მიიღო. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

ერთ-ერთი მოსარჩელე აქციის დაშლისას გამოყენებული ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიის შედეგად დაზიანდა. მას სხეულის სხვადასხვა ნაწილში რეზინის ტყვიები მაშინ მოხვდა, როდესაც აქციის დაშავებული/წაქცეული მონაწილეების დახმარებას ცდილობდა. თვალში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ მას მხედველობა მნიშვნელოვნად დაუზიანა, რამაც შრომისუნარიანობის შეზღუდვა გამოიწვია. აღნიშნულის გამო, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მორალურ ზიანთან ერთად, მატერიალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვს.

კიდევ ერთი მოსარჩელე ასევე რეზინის ტყვიის შედეგად დაზიანდა. მას ტყვია ქვედა ყბის არეში მოხვდა, რის გამოც სხვადასხვა დაზიანება მიიღო. ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, იგი დამატებით მკურნალობას მომავალშიც საჭიროებს. იგი ამ ეტაპზე მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

საია ახლო მომავალში გეგმავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა დაზარალებულების სახელითაც წარადგინოს სარჩელები.

2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

ასევე ნახეთ: ჟურნალისტების სარჩელი სტრასბურგში

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG