Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

HRW: პარლამენტს აქვს შესაძლებლობა შექმნას შრომითი უფლებების დაცვის ახალი მემკვიდრეობა


„ჰიუმან რაიტს უოჩი“ (HRW) ეხმაურება მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის განხილვას.

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, მათი მიღების შემთხვევაში, ბევრად უკეთ დაიცავს დასაქმებულებს და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

უფლებადაცვითი ორგანიზაცია აცხადებს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს შრომის ინსპექციის გაძლიერებას და ასევე, სამუშაო საათების, ზეგანაკვეთური შრომის, ღამის სამუშაოს, სავალდებულო ყოველკვირეული დასვენებისა და ცვლებს შორის შესვენების რეგულირებას.

„საქართველოში შრომითი რეგულაციების ნაკლებობამ განაპირობა ცუდი შრომითი პრაქტიკის ჩამოყალიბება, რაც ათასობით დასაქმებულს მომეტებული საფრთხის წინაშე აყენებს ,“ – მიიჩნევს გიორგი გოგია, „ჰიუმან რაიტს უოჩი“ ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებული დირექტორი.

„პარლამენტმა უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ გაატაროს რეფორმები მჩაგვრელი შრომითი პრაქტიკის აღმოსაფხვრელად და დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.“

„ჰიუმან რაიტს უოჩი“ აცხადებს, რომ საქართველოში წლების განმავლობაში შრომის ბაზრის დერეგულაციამ დასაქმებულები ადეკვატური დაცვის მექანიზმების გარეშე დატოვა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, 2006 წელს საქართველომ გააუქმა შრომის ინსპექცია და მნიშვნელოვნად შეამცირა დასაქმებულთა უფლებები, შრომის კოდექსიდან ისეთი საკითხების ამოღებით როგორიცაა ყოველკვირეული დასვენება, ზეგანაკვეთური საათების ლიმიტი და ცვლებს შორის შესვენება. 2006 წლის შრომის კოდექსით, ასევე, შესაძლებელი გახდა დასაქმებულთა გათავისუფლება წინასწარი გაფრთხილებისა და გათავისუფლების მიზეზის გარეშე.

„საქართველოში დასაქმებულებს ძვირი დაუჯდათ დერეგულაციის პოლიტიკა, შრომის სუსტი დაცვის მექანიზმი და სუსტი ზედამხედველობა. ერთ-ერთი დამოუკიდებელი კვლევის თანახმად, 2006 წლის შემდეგ დასაქმების ადგილზე გარდაცვალების შემთხვევები 74%-ით გაიზარდა. შემთხვევების უმეტესობა სამთო მრეწველობისა და სამშენებლო სექტორებში დაფიქსირდა”, - ნათქვამია განცხადებაში.

2019 წლის ანგარიშში „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე" „ჰიუმან რაიტს უოჩი“ აღწერა, თუ როგორ შეუწყო ხელი სუსტმა შრომითმა გარანტიებმა და შეზღუდულმა სახელმწიფო ზედამხედველობამ სამთო მოპოვებით ინდუსტრიაში შრომითი უსაფრთხოებისგან დაცლილი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა შექმნას შრომითი უფლებების დაცვის ახალი მემკვიდრეობა და გამოასწოროს წარსულის შეცდომები.

კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები ხვალ უნდა დაიწყოს, ხოლო მისი პლენარულ სხდომაზე განხილვა მომდევნო კვირასაა დაგეგმილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG