Accessibility links

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ხელი შეუშალოს ჯონ ბოლტონის წიგნის გამოსვლას


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაჯაროებამ, რომელსაც შეიცავს ჯონ ბოლტონის (მარჯვნივ) წიგნი, შეიძლება ზიანი მოუტანოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საგანგებო თხოვნით მიმართა აშშ-ის ფედერალურ სასამართლოს, დაბლოკოს უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წიგნის გამოსვლა.

იუსტიციის სამინისტროს განაცხადი უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, ხელი შეუშალოს ბოლტონის წიგნის გამოსვლას, რის საფუძვლადაც ასახელებს გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ბოლტონმა „ცალმხრივი წესით გადაწყვიტა, გვერდი აეარა გამოქვეყნებამდე წიგნის განხილვის პროცესისთვის, რაზეც მას თანხმობა ჰქონდა ნათქვამი, და ამის ნაცვლად ის გეგმავს, საკუთარი შეხედულებისამებრ გაავრცელოს გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რათა მოგება ნახოს თავისი წიგნიდან.“

წიგნის გამოქვეყნება 23 ივნისისთვის არის დაგეგმილი. მაგრამ რამდენიმე მედიასაშუალებაში წინასწარ გამოქვეყნდა ნაწყვეტები, რომლებიც სკანდალურ დეტალებს შეიცავს ბოლტონის 17-თვიანი კარიერიდან ტრამპის მრჩევლის პოსტზე.

მათ შორისაა, მაგალითად, ის, რომ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს მიმართა არჩევნებში დახმარებისთვის და რომ ტრამპმა სიტყვიერად მხარი დაუჭირა ჩინეთში უიღურების ინტერნირების ბანაკების მშენებლობას.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ტრამპის ურთიერთობების შესახებ ბოლტონმა ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ჩემი აზრით, პუტინი ფიქრობს, რომ მას ტრამპთან თამაში ისე შეუძლია, როგორც ვიოლინოზე დაკვრა… ვფიქრობ, პუტინი ჭკვიანია, ძლიერია. ის ცუდი კარტებით უკიდურესად კარგად თამაშობს. და ვფიქრობ, ის ხედავს, რომ მას ძლიერ მოწინააღმდეგესთან არა აქვს საქმე.“

18 ივნისს ტრამპმა ბოლტონის წიგნს, The Room Where It Happened („ოთახი, რომელშიც ეს მოხდა“) „ტყუილებისა და გამონაგონი ამბების კომპილაცია“ უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG