Accessibility links

ხელისუფლების განცხადებები გაბუნიას საქმეზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 ივნისს


გახარია "გაბუნიას საქმეზე" - არავის მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის არ გამოიყენონ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის მომზადების საქმე.

თბილისში, სასტუმრო „შერატონში“ ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, ჟურნალისტებმა გიორგი გახარიას ჰკითხეს, ხედავს თუ არა რუსულ კვალს და რა მტკიცებულება აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, როცა ამბობენ, რომ ეს საქმე ხელს ოპოზიციას აძლევს.

პრემიერ-მინისტრმა კონკრეტულად ამ შეკითხვებს არ უპასუხა და პირველი, რაც თქვა, ის იყო, რომ საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ აღკვეთა მძიმე დანაშაული.

მეორე - ეხლა საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტულ ჟურნალისტს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს. ეს მათი პასუხისმგებლობაა და ეს, ყველაფერთან ერთად, არის ჩვენი დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხის მაჩვენებელი. და მესამე - კონკრეტულმა უწყებამ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ უსწრაფეს ვადებში, უმოკლეს ვადებში უნდა გამოიძიოს ეს ყველაფერი და საზოგადოებას მისცეს აბსოლუტურად გამჭვირვალე სურათი იმისთვის, რომ ქვეყნის მტრებს არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, არავის არ მივცეთ სპეკულირების შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - უთხრა მედიას გიორგი გახარიამ.

15 ივნისს, „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე ბოკოვი ჩეჩნეთის მეთაურ კადიროვის დაკვეთით გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას. 2019 წლის ივლისში, გაბუნიამ, რომელიც მაშინ „რუსთავი 2“-ის წამყვანი იყო, პირდაპირი ეთერიდან რუსულად აგინა პრეზიდენტ პუტინს.

გუშინ საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის მოითხოვს ქართველი ტელეჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობის თაობაზე შეთქმულების „გამჭვირვალე გამოძიებას“ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს გაბუნიას უსაფრთხოება.

საზოგადოებრივი ინტერესი დიდია, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკმაყოფილოა რუსეთის მოქალაქის, ვასამბეკ ბოკოვის დაკავების გარშემო მედიაში „უპასუხისმგებლო” განცხადებების გამო.

რამდენად მაღალია საჯარო ინტერესი და რა განცხადებები კეთდებოდა ამ კვირაში გიორგი გაბუნიას საქმეზე, წაიკითხე აქ.

ვინ იქნებიან თბილისის მაჟორიტარი კანდიდატები ოპოზიციიდან, დღეს გაირკვევა

ოპოზიციური პარტიები თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს დღეს დაასახელებენ. ამის შესახებ ინტერპრესნიუსის მიხედვით გუშინ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი თავად იქნება. „ხალხს რაც აინტერესებს, ეს არის ოპოზიციის ერთიანობა. მე პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს. ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გარკვეული კანდიდატები დასახელდება თბილისთან მიმართებაში. ბევრს უნდოდა, რომ ჩაშლილიყო ეს შეთანხმება, „ქართული ოცნება“ ალბათ, ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ, ოპოზიციური გაერთიანება ჩაიშალოსო, მაგრამ არ ჩაიშლება. „ლეიბორისტული“ ფორმატიდან დასახელდება მაჟორიტარობის კანდიდატები“, - განაცხადა ვაშაძემ. მას არ უთქვამს, რომელ ოლქში იყრის კენჭს, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით „ახალი საქართველოს“ ლიდერს ისანი ერგება.

უკვე ცნობილია, რომ გლდანსა და სამგორში კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელებს. პარტიის წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თბილისის ორ ოლქში პარტია მაჟორიტარებად რამდენიმე ლიდერს, მათ შორის, ნიკა მელიასა და ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურებს განიხილავს.

რჩება კიდევ 5 ოლქი თბილისში. გუშინ მედიაში სახელდებოდა რამდენიმე გვარი. ელენე ხოშტარია - ვაკეში, შალვა შავგულიძე - მთაწმინდაზე და შალვა ნათელაშვილი ნაძალადევში. გამართლდება თუ არა პროგნოზები და ვინ იქნებიან სხვა კანდიდატები, დღეს გაირკვევა.

გერმანიამ რუსეთს ბრალი დასდო ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში

გუშინ გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს. ინფორმაცია განთავსებულია უწყების ვებსაიტზე. ტექსტში აღნიშნულია, რომ ეჭვმიტანილმა ბოროტმოქმედება ჩაიდინა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით. ეჭვმიტანილს ბრალი ედება მკვლელობასა და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში.

პროკურატურა აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობას დაქვემდებარებულმა უწყებებმა ხანგოშვილის ლიკვიდაცია დაავალეს ბრალდებულს, რომელიც დანაშაულის ჩადენისთანავე იქნა დაკვებული.

„შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან“, აღნიშნულია დოკუმენტში.

ტექსტში ნახსენებია, რომ ხანგოშვილი რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარეს, 2008 წელს კი საქართველოში მეომრები შეკრიბა რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხრეთ ოსეთში.

დოკუმენტში ბრალდებულის ვინაობა არაა დასახელებული და ის მოიხსენიება, როგორც „ვადიმ კ. იგივე ვადიმ ს.“. გამომძიებელ ჟურნალისტთა თანახმად, ლაპარაკია ვადიმ კრასიკოვზე, რომელიც ადრე ფსბ-ს სპეცდანიშნულების ნაწილში მსახურობდა და მონაწილეობდა რამდენიმე შეკვეთილ მკვლელობაში. გერმანიის ტერიტორიაზე ის ყალბი დოკუმენტებით შევიდა.

„ბრალდებულმა მკვლელობის თაობაზე სახელმწიფო დავალება მიიღო. ის ან ფინანსურ ანაზღაურებას მოელოდა, ან იზიარებდა დამკვეთთა მოტივს, რომ მოეკლა პოლიტიკური მოწინააღმდეგე და ამგვარად შური ეძია რუსეთის წინააღმდეგ ძველ კონფლიქტში მისი მონაწილეობისთვის“, ნათქვამია ბრალდებაში.

ბრალდებაში მოცემულია მკვლელობის წინა დღეებში ვადიმ კ.-ს გადაადგილების მარშრუტი: მოსკოვი-პარიზი-ვარშავა. პროკურატურის თანხმად, ბრალდებული 2019 წ. 22 აგვისტოს, მკვლელობის წინა დღეს, აქამდე დაუდგენელი გზით ჩავიდა ვარშავიდან ბერლინში.

„სახელმწიფოს დაკვეთით მკვლელობა ვადიმ კ.-მ 2019 წლის 23 აგვისტოს შუადღეზე ჩაიდინა“, ვკითხულობთ გერმანიის ფედერალური პროკურატურის ბრალდებაში, რომელშიც შემდეგ დაწვრილებითაა აღწერილი, როგორ მოხდა მკვლელობა. ბრალდებული მსხვერპლს ველოსიპედით მიუახლოვდა უკნიდან და როცა გაუსწორდა, გვერდიდან ესროლა წელს ზევით. ამის შემდეგ მან წაქცეულ მსხვერპლს კიდევ ორჯერ ესროლა თავში.

მკვლელობის შემდეგ ბრალდებული მალევე დააკავეს და ის დღემდე იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. 2019 წ. 4 დეკემბერს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ მალხაზ ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიება საკუთარ ხელში აიღო. მანამდე საქმეს ბერლინის პროკურატურა იძიებდა.

„გერმანიის მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება ფედერალური პროკურატურის განცხადებას, რომ შარშან ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოხდა“, განაცხადა 18 ივნისს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, „გერმანიის მთავრობა იტოვებს უფლებას შემდეგი ნაბიჯებისთვის“.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ვაიმე, საიდან?! - კონტაქტების კვალდაკვალ

დადასტურებული შემთხვევა - 893

გარდაცვლილი - 14

გამოჯანმრთელებული - 739

კარანტინში - 2858

სტაციონარში - 228

ეპიდემიასთან ბრძოლის რამდენიმე ძირითადი სტრატეგიიდან, ამ მასალაში, რადიო თავისუფლება მსჯელობს კონტაქტების კვლევის ნაწილზე და აფასებს, შეუძლია თუ არა კონტაქტების დადგენას ეპიდემიის შეჩერება.

როდესაც ჯესიკა ხარამიიო სამსახურის საქმეზე ვინმესთან რეკავს, ჩვეულებრივ, საუბარს ასე იწყებს: „გამარჯობა, მე ჯესიკა ვარ, სან-ფრანცისკოს ჯანდაცვის დეპარტამენტიდან. ჩვენი გუნდი კონტაქტებს ეძებს. გვინდა იმ ადამიანებს მივაკვლიოთ, ვინც მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდა მათთან, ვისაც Covid-19-ის დიაგნოზი დაუსვეს“, - ასეთია კონტაქტების კვლევაზე სტატიის დასაწყისი „ნიუ-იორკ ტაიმსში“. „ტაიმსი“ წერს, რომ დღეს ამერიკაში ათიათასობით ადამიანი ცდილობს კონტაქტების მკვლევრის პოზიციაზე დასაქმდეს. ახალი კორონავირუსის პანდემიამ ეს სამუშაო შტატებში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი დასაქმების სახედ აქცია.

ჩვენთან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, კონტაქტებს და სავარაუდო თუ პოტენციურ ინფიცირებულებს ძირითადად სატელეფონო საუბრებით პოულობენ, ასევე ნაცადი სტრატეგიაა კარდაკარ გამოკითხვა, ახლახან კი კონტაქტების კვლევის მეთოდებს მობილური აპლიკაციაც შეემატა.

კოვიდ-19-ით ინფიცირებული ერთი ადამიანი, საშუალოდ, 2 ან 3 ადამიანს აავადებს. კონტაქტების კვლევის იდეა მარტივია: იპოვო ის 2 ან 3 ადამიანი, მოახდინო მათი იზოლაცია სახლში ან, დადასტურების შემთხვევაში, ჰოსპიტალში, და ასე გაწყვიტო გადადების ჯაჭვი.

ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ:

  • კონტაქტების კვლევის სტრატეგია მუშაობს, ის წყვეტს გავრცელების ხაზებს;
  • შესაძლებელია კვლევა ზედმიწევნით სპეციფიკურ სამედიცინო ცოდნას არ მოითხოვდეს, მაგრამ მოითხოვს რესურსებს;
  • კონტაქტების კვლევა ყველაზე ეფექტურია ეპიდემიის დასაწყისში და დასასრულისას.

წაიკითხე მეტი.

20 ივნისს, როცა ყველას უკვე მოხვედრილი ჰქონდა თვალში ტყვია, მე მაშინ მომხვდაო, - ამბობს დავით ქურდოვანიძე, 21 წლის სტუდენტი, რომელიც ერთ-ერთია იმ დაშავებულებს შორის, ვის პროტესტსაც მისი ჯანსაღი თვალი შეეწირა.

ეს დავითის პირველი ვრცელი ინტერვიუა, სადაც გვიყვება, რომ დაზიანებული თვალიდან მხოლოდ სინათლეს ხედავს, სახელმწიფო მას დაზარალებულად არ თვლის, თვითონ კი „ჭკუა“ მაინც ვერ ისწავლა და უსამართლობასთან შეგუებას არ აპირებს.

თითქმის ერთი წელია, რაც დავითის ფეისბუკის გვერდის „ქავერი“ იმ სისხლიანი ჯინსის ჟილეტის ფოტოა, რომელიც აქციის ღამეს ეცვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG