Accessibility links

სასამართლოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოკითხვა მიმდინარეობს


თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას გამოკითხვა.

სასამართლოში შესვლამდე გაბუნიამ მედიას უთხრა, რომ ჰქონდა ზოგადი ინფორმაცია მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ: "დეტალები ჩემთვის არც უთქვამთ და შესაბამისად, გამოძიებასთან საუბარი არ შემიძლია იმიტომ, რომ უბრალოდ არ ვიცი. ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ". გიორგი გაბუნიას თქმით, ინფორმაცია ჰქონდა სუს-საც და გააფრთხილეს, რომ ამის შესახებ არავისთან არ უნდა ელაპარაკა. გაბუნიას ინფორმაციით, თვალთვალი დაახლოებით ორ თვეს გრძელდებოდა.

რაც შეეხება ვერსიას, რომ მისი ლიკვიდაცია ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, გიორგი გაბუნია ამბობს, რომ მისთვის ყველაფერი ნათელია: „თვითონ ამბობს ამას ფაქტობრივად და არ უარყოფს“.

მოტივთან დაკავშირებით გაბუნიამ განაცხადა, რომ მოტივი სავარაუდოდ, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს: „მეტი რა შეიძლება ყოფილიყო მოტივი ჩემი ლიკვიდაციის სურვილი თუ ჰქონდა ვინმეს, მით უმეტეს, რუსეთიდან“.

2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ „რუსთავი 2“-ის წამყვანი იყო, პირდაპირი ეთერიდან რუსულად აგინა პრეზიდენტ პუტინს.

15 ივნისს, „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე ბოკოვი ჩეჩნეთის მეთაურ კადიროვის დაკვეთით გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჯაროდ ჯერჯერობით მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ბოკოვი დააკავეს "შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ დრომდე არ ამბობს, ვისი მკვლელობა იგეგმებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG