Accessibility links

პატიმრობა შეეფარდა პირს, რომელიც არასრულწლოვან გოგოს მოკვლით ემუქრებოდა


თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სრულწლოვან პირს.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომა 18 ივნისს გვიან გაიმართა და ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გადაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პროკურატურამ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 18 ივნისს მიმართა.

პროკურატურის ინფორმაციით, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული გოგონა არასრულწლოვანი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების „ფეისბუკის“ და „Instagram“-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა გოგონასთან კომუნიკაციის დამყარებას. პროკურატურის ცნობით, 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც გოგონას შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში. ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, არასრულწლოვანმა ბრალდებულისგან „ფეისბუკის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

2020 წლის 17 ივნისს არასრულწლოვანი გოგონა დაზარალებულად ცნეს.

პროკურატურის განცხადებით, რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

ინფორმაცია არასრულწლოვნის მიმართ მუქარისა და ადევნების ფაქტზე მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც 18 ივნისს, არასრულწლოვნის მამამ „ფეისბუკზე“ დაწერა ბრალდებულის მოქმედების შესახებ. როგორც მამა ამბობს, მან 6 ივნისს შეიტყო, რომ მის შვილს აწუხებდა სრულწლოვანი, რომელსაც ის ფსიქოლოგიურ წნეხში ჰყავდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუკი მას ცოლად არ გაჰყვებოდა.

როგორც მამა სოციალურ ქსელში წერს, ის იძულებული გახდა, ინფორმაცია გაესაჯაროებინა, რადგან საგამოძიებო პროცედურები მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო გაიწელა.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის დაპატიმრების შუამდგომლობით სწორედ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG