Accessibility links

თბილისში ოპოზიციის ექვსმა მაჟორიტარმა კანდიდატმა სასტარტო სიტყვა წარმოთქვა


ოპოზიციურმა ერთობამ 19 ივნისს დაასახელა საპარლამენტო არჩევნებში, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში მონაწილე 6 კანდიდატის ვინაობა. წარდგენის შემდეგ მათ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

"ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე თბილისელების მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც ვაკის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად დასახელდა

მისი სიტყვებით, უნდა შენარჩუნდეს ის ერთიანობა, რომელიც იყო საზოგადოების დაკვეთა და რომლის გარეშეც შეუძლებელია საქართველოში ცვლილებების მოტანა.

„ამ არჩევნებში ჩვენ ხალხი უნდა დავარწმუნოთ, რომ საქართველო არ იმსახურებს ოლიგარქიულ მმართველობას, და მეორე, უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს არის არა სახელების და გვარების ცვლილება, არამედ სისტემური ცვლილება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მთაწმინდა-კრწანისის ოლქში წარდგენილმა მაჟორიტარმა კანდიდატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“, შალვა შავგულიძემ, მადლობა გადაუხადა პარტიებს მხარდაჭერისთვის. მისი სიტყვებით, ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ინტერესების დასაცავად და „იმ ხელისუფლების ქვეყნის მართვიდან ჩამოსაცილებლად, რომელიც ემსახურება არა ჩვენი ქვეყნის, არამედ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ინტერესებს“.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას სიტყვებით, წინ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა, ეს არ იქნება ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია, ვინაიდან მათ მოწინააღმდეგეა არა პოლიტიკური ოპონენტი, არამედ ოლიგარქი, „ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობაზე“. მისი სიტყვებით, შეუძლებელია ქვეყანა განვითარდეს, თუ მისი მართვის სადავეებთან არის ოლიგარქი, „ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, მოვლენა“.

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ლევან ხაბეიშვილის სიტყვებით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ „რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს - გაჭირვების, სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლას“. მისი სიტყვებით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც „ამერიკელ კონგრესმენებს ეძახის კორუმპირებულებს და მოსყიდულებს“, ამიტომ, მისი სიტყვებით, მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, „ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის სიტყვებით, ოპოზიციურმა ერთობამ აჩვენა ძალიან მაღალი „პოლიტიკური კლასი“, მისი სიტყვებით, „დღევანდელი დღე არის სრულიად ახალი თაობის, იმ კოალიციური მმართველობის, რომელიც აუცილებლად 31 ოქტომბრის შემდეგ იქნება ქვეყანაში“.

ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის სიტყვებით, იმედია, „თბილისელები იტყვიან იმ სიტყვას, რაც გააბრწყინებს საქართველოს მთელს დედამიწაზე და დააკავებინებს ადგილს, რომელიც მას ეკუთვნოდა ორბიტაზე“.

„მე მინდა გამოვთქვა უდიდესი რწმენა, რომ 31 ოქტომბერს გამარჯვების არწივი აფრინდება სწორედ თბილისიდან, საქართველოს გამარჯვების არწივი“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG