Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია: შეკითხვები დამისვეს წყაროებთან დაკავშირებით


„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პროკურორმა და გამომძიებელმა მას შეკითხვები გიორგი გაბუნიას მკვლელობის მზადების თაობაზე ინფორმაციის წყაროსთან დაკავშირებით დაუსვეს:

„ჩემი წყარო არის სუს-ის მაღალჩინოსანი და ეს ინფორმაცია მათ მივაწოდე. და ასევე არის მეორე მაღალჩინოსანი „ქართული ოცნების“, რომელიც უშიშროების ორგანოებში არ მუშაობს, მაგრამ ფლობს ინფორმაციას“, - ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზემოხსენებული წყაროების გვარები გამოძიებასთან არ დაუსახელებია. გვარამია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მზადების შესახებ ინფორმაცია წყაროებისგან დაახლოებით 2 თვის წინ მიიღო:

„ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის კილერი, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლებოდა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ გამოკითხვის დასრულების შემდეგ და არ გამორიცხა, რომ თანამზრახველებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც ყოფილიყვნენ.

15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

საქმეზე 19 ივნისს საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის დასწრებით გიორგი გაბუნიაც გამოიკითხა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან მედიასთან განაცხადა, რომ სახელმწიფომ დაცვა შესთავაზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG