Accessibility links

ბალტიის სახელმწიფოები პროტესტს გამოთქვამენ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ისტორიული რევიზიონიზმის მიმართ რუსეთის მხრიდან


ნაციზმისა და კომუნიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაცია ლატვიაში, რიგაში, 2013 წლის 16 მარტი

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ პროტესტი გამოხატეს რუსეთის ნაბიჯების მიმართ და აცხადებენ, რომ მათი მიზანია 1939 წელს საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტის გარშემო ისტორიული ფაქტების უკეთესად წარმოჩენა. ამ შეთანხმებას, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით არის ცნობილი, მოჰყვა ბალტიის სამი სახელმწიფოს ანექსია მოსკოვის მიერ.

ამ შეთანხმების და მისი საიდუმლო ოქმების თანახმად, ნაცისტებმა და საბჭოთა კავშირმა გავლენის სფეროები გაიყვეს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

ბალტიის სამი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებმა 18 ივნისს გამოიძახეს რუსეთის ელჩები და წარმომადგენლები და შეშფოთება გამოხატეს ისტორიული რევიზიონიზმის გამო, რომლის მცდელობა ჩანს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების ამასწინანდელ საკანონმდებლო ინიციატივაში.

მისი დამტკიცების შემთხვევაში, გაუქმდება 1989 წლის 24 დეკემბრის რეზოლუცია, რომელიც მიიღო საბჭოთა კავშირის უზენაესმა სასამართლომ, და რომელმაც დაგმო ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის თავდაუსხმელობის პაქტი.

ამის ფონზე, 18 ივნისს აშშ-ში დაფუძნებულ ჟურნალ National Interest-ში გამოქვეყნებულ ესეში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მეორე მსოფლიო ომის წინ ნაცისტურ გერმანიასთან საბჭოთა თანამშრომლობის კრიტიკა უარყო. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად, პოლონეთში ერთობლივად შეიჭრნენ საბჭოთა და ნაცისტური არმიები და გაიყვეს ის. პაქტს მოჰყვა ასევე 1940 წელს ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს ოკუპაცია და ანექსია. ამ ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღიდგინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG