Accessibility links

პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები მხარეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ


საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვის წინ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

ფასილიტატორების განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება. ელჩები საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის მზადების წინ დიალოგის მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რჩება აზრთა სხვაობა შეთანხმების ერთობლივი განცხადების ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებულ პირობას, რაც გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად, კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა მოახლოებული არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დავაკვირდებით“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში ყველა ხელმომწერმა მიიღოს მონაწილეობა:

„საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობის და ცვლილებების სრულად მიღებისკენ“, - აღნიშნულია ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ცვლილებებისა და განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისკენ;

„ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს მიღწევები საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ინტერესებშია“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელმაც პარლამენტის არჩევის წესი უნდა შეცვალოს.

ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტის 150 წევრიდან 120 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით უნდა აირჩიონ.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას „მთავარი არხის“ წილის მფლობელ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე არ აპირებენ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო". ისინი აცხადებენ, რომ რურუა ყალბი ბრალდებით დაკავებული პოლიტპატიმარია და მისი, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

მსჯავრდებულები უგულავა და ოქრუაშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა. იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დაკავებული რურუას საქმეს კი ამჟამად განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG