Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ანა დოლიძის შესახებ განცხადებას აქვეყნებს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება. ის იმედს გამოთქვამს, რომ ანა დოლიძე თავად მიიღებს დროულ გადაწყვეტილებას.

„ბოლო დროს აქტუალური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ქალბატონი ანა დოლიძის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი.

სამართლებრივი პოზიცია ასეთია: ერთი მხრივ, მოქმედი ორგანული კანონით "საერთო სასამართლოების შესახებ" გათვალისწინებულია პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. მეორე მხრივ, კონსტიტუცია პრეზიდენტს, განსხვავებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურისა და სხვა მსგავსი შემთხვევებისა, ანიჭებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას.

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის გარანტია. ის ვალდებულია იმოქმედოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებებით, რომელიც არ მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გათავისუფლებას.

რაც ეხება საკითხის არასამართლებრივ მხარეს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პირმა, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის. სწორედ ასეთ თვითშეგნებაზე და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული საზოგადოების ნდობა. პრეზიდენტი ელოდება, რომ ქალბატონი ანა დოლიძე მიიღებს დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას”, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორმა 15 ივნისს ანა დოლიძეს მოუწოდა, დატოვოს თანამდებობა, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან. სამოქალაქო სექტორის განცხადება დაკავშირებული იყო ანა დოლიძის სამოქალაქო ორგანიზაციაში „ხალხისთვის“ საქმიანობასთან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს მაშინ, როდესაც პოლიტიკური საქმიანობის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან შეუთავსებლობის საკითხზე თავისი მოსაზრება ნაზი ჯანეზაშვილმა 16 ივნისსაც გამოხატა და მხარი დაუჭირა იმ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. ჯანეზაშვილმა ანა დოლიძეს მოუწოდა, განმარტოს, ვინ აფინანსებს მის ორგანიზაციას, მოძრაობას „ხალხისთვის“ და რატომ?

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” 21 მაისს დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. ამავე დღეს, მან "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა, მოგვიანებით მედიით ისაუბრა ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე.

მისი თქმით, "ხალხისთვის" არა პოლიტიკური, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციაა.

18 ივნისს ანა დოლიძემ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერ ალეკო ელისაშვილთან და პარლამენტის წევრ ლევან კობერიძესთან ერთად ხელი მოაწერა „ახალი პლატფორმის" შექმნას.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ნაზი ჯანეზაშვილმა დაწერა, რომ ანა დოლიძემ თანამდებობა დღესვე რომ დატოვოს, მას კანონი უკვე დარღვეული აქვს. თუმცა დოლიძე უარყოფს, რომ ის ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG