Accessibility links

თალაკვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ექნება „ქართული ოცნების" სრული მხარდაჭერა


საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის სპიკერის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამ საკითხზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის მხრიდან.

„მივესალმებით საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, ვინც უკვე საჯაროდ დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული ცვლილებების მიმართ.

სრულად ვიზიარებთ რა ელჩების მოწოდებას, კიდევ ერთხელ მივმართავთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” საპარლამენტო ფრაქციებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს', - ნათქვამია თალაკვაძის განცხადებაში.

დღეს, 19 ივნისს საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი პირველი მოსმენით მოიწონა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.

განხილვას ფრაქციების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებოდნენ. ისინი მოითხოვენ შეთანხმების მეორე ნაწილის სრულად შესრულებას - „მთავარი არხის“ მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

პრეზიდენტმა 15 მაისს შეიწყალა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად: მომავალ პარლამენტში, 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევენ პროპორციული წესით (პარტიის ან ბლოკის სიიდან), ხოლო 30 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული წესით მოხდება. ამჟამად მოქმედი პარლამენტი დაკომპლექტებულია თანაფარდობით - 77/73.

ახალი სისტემით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება თითო პარტიისთვის 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის კი - ბარიერი განისაზღვრება 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების რაოდენობის ნამრავლით.

დაწესებული ზღვარი (ე.წ. „ჩამკეტი“) გამორიცხავს ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას - თუკი გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG