Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ – 20 ივნისს „სირცხვილია“ პარლამენტთან აქციას გამართავს


2019 წლის 20-21 ივნისის მოვნელებიდან ერთი წლის თავზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ისევ გაიმართება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“, რომლის ორგანიზატორი არის მოძრაობა „სირცხვილია“.

აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ იმას, რაც შარშან 20-21 ივნისის ღამით მოხდა, როცა პოლიციამ რუსთაველზე შეკრებილი დემონტრანტები წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშალა.

ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვინც აქციაზე მისვლას აპირებს, დაიცვან ყველა რეკომენდაცია, რაც პანდემიის პერიოდში აუცილებლად დასაცავია.

  • გაიკეთეთ პირბადე (სასურველია სათვალეც).
  • დაიცავით დისტანცია სპეციალურ სტიკერებზე დგომით.
  • ვიყვიროთ მხოლოდ აუცილებელ დროს და არც ამ დროს მოვიხსნათ პირბადე.
  • აქციის შემდეგ - დაიცავით ჯანმოს რეკომენდაციები, თუ თვითიზოლაციის საშუალება არ გაქვთ, ატარეთ პირბადე ორი კვირის განმავლობაში.
  • მიკროფონს ჩაუტარდება დეზინფექცია ყველა გამომსვლელის წინ

ერთი წლის წლის რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიას უნდა გაძღოლოდა.

სესიაში 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა და მისი თბილისში ჩატარება უმრავლესობის ყოფილი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის მონდომებითა და ინიციატივით დაიგეგმა.

გავრილოვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამოჩენა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა იქვე გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს და განაცხადეს, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი, პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა. პროტესტი ქუჩის აქციებში გადაიზარდა.

იმ ღამით რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით აქცია დაშალეს. დაშავდა ასობით ადამიანი, ასობით ადამიანი დააკავეს. ხუთმა მათგანმა თვალი დაკარგა, დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. აქციები კი მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარია მოთხოვნით თვეების განმავლობაში გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG