Accessibility links

„ქართული ოცნება“ 20 ივნისის მოვლენებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა


„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს ერთი წლის შემდეგ განცხადებით ეხმაურება და წერს, რომ არცთუ იშვიათად, ჯანსაღი, აქტიური პროტესტი ქაოსსა და ძალადობაში იზრდება და ამის მაგალითები საქართველოშიც არის.

„ასეთ დროს, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას კანონი, სახელმწიფო და საზოგადოება პროცესების კონსტიტუციური წესრიგიდან გასვლისგან, განუკითხაობისა და ძალადობისგან. ეს გახლავთ სწორედ ზემოთხსენებული „თავისუფლების პასუხისმგებლობით“ ნაკარნახევი ვალდებულება“. - წერია განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ აღნიშნავს, რომ შარშან, ხელისუფლების მიერ დაშვებულ სამწუხარო შეცდომას, საზოგადოების პროტესტი მოჰყვა; თუმცა, მათი სიტყვებით, ხელისუფლებამ აღიარა დაშვებული შეცდომა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაც აიღო. მაგრამ, მათივე შეფასებით, „დესტრუქციული ოპოზიცია შეეცადა, ეს პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა და საპროტესტო ტალღა ძალადობრივ აქციაში გადაზარდა“.

განცხადებაში ერთი წლის წინ პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენები შემდეგნაირად არის აღწერილი:

„პარლამენტის შენობასა და საპოლიციო ძალებზე მათ ინტენსიური შტურმი მიიტანეს და ფაქტიურად, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა სცადეს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობაში ძალადობრივი შეჭრის მცდელობა, პრაქტიკულად, ყველა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ხორციელდებოდა და შტურმის ორგანიზატორთა თუ აქტიურ მინაწილეთა მიმართ უტყუარი მტკიცებულებები დაგროვდა, ოპოზიცია, კარგა ხანი, მისთვის ჩვეული უტიფრობით უარყოფდა ფაქტებს, რომლებიც მთელმა საქართველომ საკუთარი თვალით იხილა. თუმცა, გასული ერთი წლის განმავლობაში, ოპონენტებმა არაერთხელ, პირდაპირ თუ ირიბად, დაადასტურეს, რომ 2019 წლის 20-21 ივნისს, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პარლამენტის შენობაზე მიტანილ შტურმში გადაზრდა, მათ მიერ სპეციალურად დაგეგმილი ოპერაცია იყო, რომლის მიზანს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების პროვოცირება წარმოადგენდა, რათა ხელოვნურად შექმნილიყო ხელისუფლების დამხობის საბაბი“.

„ქართული ოცნება“ წერს, რომ ის ყოველ ჯერზე „წარმატებით დაძლევს ყველა გამოწვევას“ და „წინ აღუდგება ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგს“.

„ისევე დამაჯერებლად გაიმარჯვებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, როგორ დამაჯერებლადაც ყველა ერთად დავუპირისპირდით გლობალურ პანდემიას", - ვკითხულობთ მმართველი გუნდის განცხადებაში.

2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG