Accessibility links

არასამთავრობოები დეპუტატებს: მხარი დაუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს


5 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, 21 ივნისს დაგეგმილ რიგგარეშე სესიაზე მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.

„8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შეთანხმებული ვერსია არ არის იდეალური, ის არ ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატის შერეული სისტემა წინგადადგმული ნაბიჯია, მნიშვნელოვნად ზრდის რა პროპორციული საარჩევნო სისტემით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობას დღეს მოქმედ სისტემასთან შედარებით“, - მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი აზრით, ე.წ. 120/30 მოდელი საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩეველთა ხმების უფრო სამართლიანად და პროპორციულად ასახვის შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პლურალისტური, მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოყალიბებას და ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას.

„გასული წლის ნოემბრის თვეში მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებამ ერთხელ უკვე შეიყვანა ჩიხში პოლიტიკური პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად მაინც, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ყველა ზომა მიიღოს, რომ საარჩევნო სისტემაზე ცვლილებების მიღება რისკის წინაშე არ დადგეს“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და უფლებები საქართველო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG