Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაბედემ“ მთავრობის კანცელარიის ტერიტორია  სიმბოლურად „შეწამლა“


სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა 20 ივნისი სიმბოლური აქცია-პერფორმანსით აღნიშნეს. თეთრ კომბინეზონებში ჩაცმული აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიასთან საწამლი აპარატებით მივიდნენ და სიმბოლურად ტერიტორიის დეზინფექცია ჩაატარეს. შემდეგ კი კანცელარიის წინ დადეს ხაფანგი შიგ გამომწყვდეული დოლარით.

როგორც „გაბედეს“ წევრები აცხადებენ, დოლარი ხაფანგში არის სიმბოლო იმისა, რომ როგორც ყველი ვირთხებისთვის, ისე დოლარი საქართველოს ხელისუფლების საყვარელი სასუსნავია, რაც მათ საბოლოოდ მართლაც ჩაკეტავს ხაფანგში.

რაც შეეხება მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიის „შეწამვლას“, ამის მიზეზი, აქციის მონაწილეების განმარტებით, არის ის, რომ ქვეყანა პარაზიტებისგანაა გასაწმენდი და ეს გამოჩნდა 2019 წლის 20 ივნისსაც.

მოძრაობა „გაბედე“ ერთ-ერთი იყო, ვინც თვეების განმავლობაში აპროტესტებდა 20-21 ივნისის ღამით და მას შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისს აქციაზე 275 ადამიანი დაშავდა - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები. მათგან 28-ს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. აქციაზე მიღებული ტრავმის შედეგად ორმა მონაწილემ დაკარგა თვალი, სხვა ორმა თვალი შეინარჩუნა, მაგრამ მხედველობა - ვერა.

იყვნენ ისეთები, ვინც აქციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მძიმე ტრავმების გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დაშავებულთა უმეტესობას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს - პროკურატურამ დაზარალებულად ცნო შსს-ს 78 თანამშრომელი და მხოლოდ 7 სამოქალაქო პირი. აქციის ღამეს დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფოს ნაცვლად ფონდი „ქართუ“ ფარავს.

20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 3 სახეობის იარაღი გამოიყენეს - 12, 38 და 40 მმ კალიბრიანი თოფები, საიდანაც რეზინის ტყვიებსა და გაზის ჭურვებს ისროდნენ. დემონსტრანტებს ესროდნენ 5 სახეობის ტყვიას და ცრემლსადენი აირის ჭურვებს. საბოლოოდ, გამთენიისას, დემონსტრანტები წყლის ჭავლით დაშალეს.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG