Accessibility links

მინიმუმ 110 ადამიანი დააკავეს ბელარუსში წუხელ გამართულ საპროტესტო აქციებზე


მინიმუმ 110 ადამიანი დააკავეს ბელარუსში აქციებზე, რომლებიც 19 ივნისს პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაპატიმრების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაიმართა. დაკავებულების დაწვრილებით სიებს აქვეყნებს უფლებადამცველი ცენტრი „ვიასნა“. დაკავებულთა შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტები, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ.

პარასკევს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატთა რეგისტრაციის უკანასკნელი დღე იყო. რამდენიმე კანდიდატმა უარი თქვა მონაწილეობაზე, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მთავარი მეტოქე, ვიქტარ ბაბარიკა, დააკავეს და წინასწარი გამოძიების იზოლატორში მოათავსეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

ბელარუსში კანდიდატების რეგისტრაციის მთელი ეტაპის განმავლობაში იმართებოდა საპროტესტო აქციები. პარასკევს საღამოს ისინი განახლდა მინსკსა და სხვა მსხვილ ქალაქებში.

19 ივნისს საღამოს ვიქტარ ბაბარიკას შტაბმა გამოაქვეყნა მის მიერ ადრე ჩაწერილი მიმართვა. მასში ბანკირი გამოდის წინადადებით, ჩატარდეს რეფერენდუმი, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს 1994 წლის კონსტიტუციას, რომელიც ზღუდავდა პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და საპრეზიდენტო ვადების მაქსიმალურ რაოდენობას.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი. ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, ამ თანამდებობის მეექვსედ დასაკავებლად იყრის კენჭს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG