Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა ხელისუფლებას მიმართავს: ახლა ჯერი თქვენზეა


„პირობა თქვენი მიცემულია და შესრულებაც თქვენი ვალდებულებაა, ახლა ჯერი თქვენზეა, ბატონებო“, - ასე მიმართა 20 ივნისს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ხელისუფლებას, მას შემდეგ, რაც მისმა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრაში.

გიგი უგულავა აცხადებს, რომ ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება. ხოლო ის, რაც „ევროპულმა საქართველომ“ ამ გადაწყვეტილებით გააკეთა, უგულავას სიტყვებით, ნიშნავს „ჭადრაკის დაფის შეტრიალებას „ქართული ოცნებისკენ“.

„იმედი მაქვს, ისინი მოეგებიან გონს და შეასრულებენ სრულად შეთანხმებას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და პოლიტიკოსისთვის, ეს საკითხი ორმაგად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პოლიტპატიმრების ეპოქა უნდა დასრულდეს. ეს არის ქვეყნის სირცხვილი და ასევე, ჩემთვის პერსონალურად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რამდენიმე კვირის წინ მეც ამ სიაში ვიყავი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თუ პირველი მოსმენა ჩავარდა, ეს თემა საბოლოოდ დაიხურება, განსხვავებით მეორე და მესამე მოსმენისგან. ამიტომ, მათი სიტყვებით, ხელისუფლებას ექნება დრო ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად.

„სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ აღარ მივცემთ შესაძლებლობას და აღარ მივიღებთ მონაწილეობას, თუ სრულად არ იქნება შესრულებული 8 მარტის შეთანხმება, რაც ნიშნავს პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას. ახლა ჯერი თქვენზეა, ბატონებო, თქვენია ვალდებულება, თქვენ ხართ ხელისუფლებაში, თქვენ ხართ უმრავლესობაში, პირობაც თქვენი მიცემულია და შესრულებაც თქვენი ვალდებულებაა“, - განაცხადა უგულავამ.

20 ივნისს გაირკვა, რომ „ევროპული საქართველო“, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, საკონტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაში, რომელიც 21 ივნისს არის დანიშნული, მონაწილეობას მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG