Accessibility links

კახა კუჭავა: „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა ფასილიტატორებმა მოახდინეს


პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა გასაკვირს ვერაფერს ხედავს „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაში, მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რადგან, კუჭავას შეფასებით, მათ უბრალოდ მოუწია ამ გადაწყვეტილების მიღება.

ამის მიზეზი კი, კუჭავას თქმით, ფასილიტატორი ელჩების ერთობლივი განცხადებაა, რომელიც 19 ივნისს გავრცელდა.

„კარგად გვახსოვს, გუშინ და გუშინწინ რა განცხადებებს აკეთებდნენ. ამბობდნენ, რომ მხარს არ დაუჭერდნენ. კარგად გვახსოვს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლაც, მათ შორის, ფასილიტატორი ელჩების მხრიდან გუშინდელი ერთობლივი განცხადება, რომელთა მხრიდანაც იყო მოწოდება, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ყველას, ვინც ხელმომწერია 8 მარტის შეთანხმების. ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც იყო მთავარი საგანი 8 მარტის შეთანხმების, ექნება მხარდაჭერა და ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვუყრით უკვე პარლამენტში კენჭს პირველი მოსმენით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს, როგორც პირობას, კახა კუჭავამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლად ფუნქციონირებაზე, თუმცა ის პირდაპირ ხაზს უსვამს იმ აქცენტს, რომლის მთავარი პათოსი და შინაარსი იყო 8 მარტის შეთანხმება.

20 ივნისს, "ევროპულმა საქართველომ" მეორე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების პირობად სწორედ გიორგი რურუას გათავისუფლება დაასახელა.

კახა კუჭავას განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიცია ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად უმრავლესობას ცვლილებების დასამტკიცებლად ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.

ვროპელი და ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტის 150 წევრიდან 120 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით უნდა აირჩიონ.

საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა უყარონ კენჭი, 21 ივნისს არის დანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG