Accessibility links

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა


სტიკერი გადაკეტილ რუსთაველის გამზირზე

ანტისაოკუპაციო აქციის დაწყებამდე 2 საათი რჩება. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც აქციაა დაგეგმილი, უკვე შეწყდა საავტომობილო მოძრაობა.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით, აქცია ისევ იმ ადგილას უნდა გაიმართოს, სადაც ერთი წლის წინ, ამ დღეს, 2019 წლის 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტში რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ მასობრივი დემონტრაცია დაიწყო და აქციები რამდენიმეთვიან პროტესტში გადაიზარდა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები სცენას სიტყვით გამომსვლელებისთვის ამზადებენ, აქტივისტები კი სპეციალურ სტიკერებს აკრავენ, რომ აქციაში მონაწილეებმა სოციალური დისტანცირების წესი დაიცვან.

სტიკერებზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული, რომელსაც სახეზე აქვს გადავლილი და ნაბიჯების კვალი ეტყობა.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი ეუბნება რადიო თავისუფლებას, უკვე დააკრეს 2 ათასზე მეტი სტიკერი. საჭიროების შემთხვევაში სტიკერებს დამატებით დააკრავენ.

„სირცხვილიას“ წევრებმა აქციაზე მიმსვლელები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ აქციაზე ყოფნისას სავალდებულოა პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა.

ადგილზე აქვთ სადეზინფექციო საშუალებები. პარლამენტთან კი საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მერიამ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიმართვის საფუძველზე მიიღო. მათ რამდენიმე დღის წინ მიმართეს მერიას და შსს-ს გზის სავალი ნაწილის გადაკეტის მოთხოვნით, ამის საფუძვლად კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელი დისტანციის უზრუნველყოფა დაასახელეს.

19 ივნისს მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად საავტომობილო გზა 14:00 საათიდან უნდა გადაკეტილიყო. 20 ივნისის კი თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა ლევან ჯღარკავამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აქციის ორგანიზატორებთან შეთანხმებით, გზის გადაკეტვა 16:00 საათიდან გადაწყდა.

2019 წლის 20 ივნისს გავრილოვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამოჩენა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა იქვე გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილი ადგილი დაიკავეს და განაცხადეს, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი, პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.

იმ ღამით რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით აქცია დაშალეს. დაშავდა ასობით ადამიანი, ასობით ადამიანი დააკავეს. ხუთმა მათგანმა თვალი დაკარგა, დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი.

აქციები კი მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თვეების განმავლობაში გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG