Accessibility links

შოთა დიღმელაშვილი: ან რუსეთის გუბერნიაში უნდა ვიცხოვრო ან ემიგრაციაში. ასეთი არჩევანი არ მინდა!


„შარშან, როცა ხალხმა ჰკითხა ხელისუფლებას, ჩვენ ევროატკანტიკური ინტეგრაცია ავირჩიეთ, ამას რატომ გვიკეთებო, გავრილოვის პარლამენტში დასმის პასუხად, მათ გამოიყვანეს პოლიციელები და ეს ხალხი გადაცხრილეს“, - ასე დაიწყო თავისი გამოსვლა 20 ივნისს მიმდინარე აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა და აქციის ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

მისი სიტყვებით, შარშან პარლამენტის წინ შეკრებილმა ადამიანებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს და უდიდესი მსხვერპლი გადაიხადეს. მათ გასცეს ყველაზე ძვირფასი, რაც კი ჰქონდათ - თვალისჩინი, იმისათვის, რომ განემტკიცებინათ ქვეყნის ერთადერთი ევროატლანტიკური არჩევანი.

„არ არსებობს სხვა მომავალი საქართველოსთვის გარდა ამ არჩევნისა“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

მისი შეფასებით, 20 ივნისი ერთდროულად არის გლოვის დღეც, იმის გამო, რაც მოხდა ერთი წლის წინ და ზეიმის დღეც, რადგან უამრავი ადამიანი გაერთიანდა ოკუპაციის წინააღმდეგ. თუმცა დიღმელაშვილის თქმით, სწორედ ამ ადამიანების საჩვენებელი დასჯა მოაწყო მაშინ ხელისუფლებამ.

„მე გუშინ შემეძინა შვილი. დღეს კი ვდგავარ არჩევნის წინაშე, ან ვიცხოვრო რუსეთის გუბერნიაში ან ემიგრაციაში. არ მინდა ამ არჩევნის გაკეთება. ამიტომ ვდგავარ აქ“.

რუსთაველზე რამდენიმე წუთის წინ დაიწყო აქცია, რომლის მთავარი ლუზუნგი ისევ არის „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ და ეს აქცია შარშანდელი 20-21 ივნისის მოვლენების ერთი წლისთავს ეძღვნება.

აქცია ორ საათს გაგრძლდება და მას დახლოებით 20-მდე გამომსვლელი ეყოლება.

ერთი წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს, სამოქალაქო პროტესტი გამოიწვია იმან, რომ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა და იქიდან სცადა მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანა, თუმცა ამის შესაძლებლობა მას ოპოზიციამ არ მისცა.

პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის პროტესტი გამთენიამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტში შესვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციამ დემონსტრანტები წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშალა.

20-21 ივნისს აქციაზე 275 ადამიანი დაშავდა - აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები, პოლიციელები, პოლიტიკოსები.

მათგან 28-ს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. აქციაზე მიღებული ტრავმის შედეგად ორმა მონაწილემ დაკარგა თვალი, სხვა ორმა თვალი შეინარჩუნა, მაგრამ მხედველობა - ვერა.

აქციები კი მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თვეების განმავლობაში გაგრძელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG