Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 ივნისის მოვლენებს ერთი წლის შემდეგ ბათუმშიც გამოეხმაურნენ


ბათუმი
ბათუმი

ბათუმელები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე აქციის პარალელურად ბათუმში აქციის ორგანიზატორებმა 2019 წლის 20 ივნისს ე.წ. "გავრილოვის ღამე" გაიხსენეს. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ "გავრილოვის ღამეს" დემონსტრაციის დაშლის შემდეგ ხელისუფლების მთავარი დაპირება, საარჩევნო სისტემის შეცვლა, დღემდე არ შესრულებულა.

"მიხარია, რომ ერთი წლის წინ საქართველომ მტერს ზურგი არ აჩვენა. გავრილოვის ტალახი ახალგაზრდებმა სისხლით ჩამოგვბანეს. გავრილოვის ღამის ერთი წლის თავზე არაფერი არ შეცვლილა, არც პროპორციული არჩევნები გვაქვს, არც სიტყვისა და მედიის თავისუფლება,"- თქვა აქციაზე "ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის" წევრმა გენრი დოლიძემ.

აქციაში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები. ორგანიზატორებმა აქციის მსვლელობისას სოციალური დისტანცირების დასაცავად ევროპის მოედანზე ქვაფენილზე სტიკერები ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით დააკრეს.

2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობისა და შტურმის გამო. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციონერების გარკვეულ ჯგუფს ხელისუფლების დამხობა ჰქონდა განზრახული. გამოძიების შედეგად, ასეთი ბრალდება არავისთვის წაუყენებიათ.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის - 80-მდე პოლიციელი. დაშავებულთა შორის იყო რამდენიმე ათეული ჟურნალისტი. აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს - ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი, კიდევ რამდენიმემ - მხედველობა.

პროკურატურამ დაზარალებულად ცნო შსს-ს 78 თანამშრომელი და მხოლოდ 7 სამოქალაქო პირი.

20-21 ივნისის აქციის დაშლას მოყვა ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლები, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG