Accessibility links

გიორგი მარგველაშვილი: ამ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხისა და პარტნიორების ვერდიქტი


ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება საქართველოს მოქალაქეებს, ხელისუფლებას მიღებული აქვს ხალხის ვერდიქტი - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს.

„ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც მერე, პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს გააჩენს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორებს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი.

ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლება, ღირსება, ჩვენი სამშობლოს და მათ შორის - სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია.

შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი; ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს პარტნიორების ვერდიქტი. ასეთი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღეს კაბინეტებში სხედან, უკვე წარსული ხელისუფლებაა საქართველოსთვის.

იცოდეთ, რომ ამ ბრძოლას მარტო გამარჯვება უწერია. ამ ბრძოლით ჩვენ აუცილებლად მივიღებთ უკეთეს ქვეყანას, რომლის მოქალაქეთა სიმტკიცესაც ვერ გატეხავს რუსი ოკუპანტი... რამდენად მეტი „ბეტეერი“ და ტანკიც უნდა ჰყავდეთ, მათ არ გააჩნიათ ჩვენზე მეტი ისტორიული სიმტკიცე. ამ საზოგადოებამ ძალიან ბევრ იმპერიას გაუძლო და დაამარცხა და ამ იმპერიასაც დავამარცხებთ ჩვენს მიწა-წყალზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე მინდინარეობს ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების წლისთავს ეძღვნება. აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობენ როგორც აქტივისტთა სხვასხვა ჯგუფი, ასევე პოლიტიკოსები.

აქცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. „სირცხვილიას“ წევრებმა აქციაზე მიმსვლელები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ სავალდებულო იყო პირბადის გამოყენება და რეკომენდირებული დისტანციის დაცვა.

2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობისა და შტურმის გამო. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციონერების გარკვეულ ჯგუფს ხელისუფლების დამხობა ჰქონდა განზრახული. თუმცა გამოძიების შედეგად, ასეთი ბრალდება არავისთვის წაუყენებიათ.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის - 80-მდე პოლიციელი. დაშავებულთა შორის იყო რამდენიმე ათეული ჟურნალისტი. აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს - ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი, კიდევ რამდენიმემ - მხედველობა.

ამას მოჰყვა ხანგრძლივი საპროტესტო აქციები. მომიტინგეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG