Accessibility links

მაკო გომური: იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ ჩვენი თვალები მეორეხარისხოვანია


ხელისუფლება ცდილობს სახელი გაგვიტეხოს, იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი - თქვა მაკო გომურმა ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, მაკო გომურს სამართალდამცველების მიერ ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა და მან თვალი დაკარგა.

„ერთი წლის წინ ასე ვიდექი ზუსტად, იგივე ტანსაცმელი მეცვა... და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცველებისთვის და აი ამ შენობისთვის, მაშინაც ზუსტად ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი.

თუმცა ეს არ იყო ალბათ საკმარისი ერთ-ერთი სამართალდამცველისთვის და მესროლა. გაჩნდა შეკითხვა - რატომ? და ამ შეკითხვაზე ვერ მივიღე პასუხი ერთი წლის განმავლობაში. რეალობა ხომ მარტივია - უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი.

თუმცა სხვა რეალობაც არის ჩემს წინ, პარლამენტის შენობაში. ისინი ცდილობენ, რომ ყოველ წამს, რაღაც ტრიუკებით, თავიანთი რეპლიკებით ცდილობენ, რომ ჩვენი სახელი გააფუჭონ საზოგადოებაში. იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი და პირველხარისხოვანი არის ის, რომ მათ შტურმი აარიდეს პარლამენტს...

მიჩნდება კითხვა - ჩემი თვალის ამოთხრით, გიორგის თვალის ამოთხრით, დათოს თვალის ამოთხრით და უამრავი თვალით რომელი შტურმი აარიდეს პარლამენტს?! რას უშლიდათ იქ ჩვენი დგომა და ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი?! უამრავი კითხვაა, რაზეც პასუხი დღემდე არ მაქვს. ეს კითხვები სულ უფრო მეტი ხდება“, - განაცხადა მაკო გომურმა.

რუსთაველის გამზირზე გაიმართა ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების წლისთავს ეძღვნებოდა. აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ როგორც აქტივისტთა ჯგუფები, ასევე პოლიტიკოსები.

აქცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმა. „სირცხვილიას“ წევრებმა აქციაზე მიმსვლელები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ სავალდებულო იყო პირბადის გამოყენება და რეკომენდირებული დისტანციის დაცვა.

2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობისა და შტურმის გამო. ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციონერების გარკვეულ ჯგუფს ხელისუფლების დამხობა ჰქონდა განზრახული. თუმცა გამოძიების შედეგად, ასეთი ბრალდება არავისთვის წაუყენებიათ.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის - 80-მდე პოლიციელი. დაშავებულთა შორის იყო რამდენიმე ათეული ჟურნალისტი. აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს - ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი, კიდევ რამდენიმემ - მხედველობა. ამას მოჰყვა ხანგრძლივი საპროტესტო აქციები. მომიტინგეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო იმხანად შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG