Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშა მშვილდაძე: „შევხვდებით არჩევნებზე!“


„შევხვდებით არჩევნებზე!“ - ეს სიტყვები წარმოთქვა 20 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დასრულებისას, ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და წამყვანმა - მიშა მშვილდაძემ, რომელიც მოძრაობა „სირცხვილიას“ შარშანდელი ხანგრძლივი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს თავმოყვარე მოსახლეობამ არ მივეცით უფლება საქართველოს არაფორმალური მმართველის დასმულ საქართველოს ფორმალურ მმართველებს, რომ სირცხვილი ეჭამათ მშვიდად. ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოს ღირსება, ამ ქვეყნის ატრიბუტიკა, სიმბოლოები, ის, რისთვისაც აქ სისხლი იღვრებოდა, გაითელა ფეხქვეშ რაღაც ფეიკორგანიზაციის, ვითომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიით, რომელიც ტარდებოდა პარლამენტში...

მივხვდით ყველანი, რაც ხდებოდა, როგორც ბატონს ყმების მიწაზე უნდა ეპარპაშა აქ ვიღაც გავრილოვს და გაითელა ფეხქვეშ ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლიკა. და როცა ეს გავაპროტესტეთ, მოხდა ყველაზე სამარცხვინო რამ, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო - როდესაც ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სპეცრაზმმა ძალის გადაჭარბებით და ძალადობის ენთუზიაზმით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია. და მერე გვახსოვს ცინიზმის ეს ერთი წელი, რაც გავიდა მას შემდეგ“, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მისი თქმით, ეს არის ბრძოლა წარსულსა და მომავალს შორის და შეუძლებელია გაიმარჯვოს წარსუმლმა - „შეუძლებელია რომ ბიძინამ გაიმარჯვოს... შეუძლებელია, რომ გახარიამ გაიმარჯვოს... შეუძლებელია, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს... იმიტომ, რომ წარსულია ეს უკვე“.

მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების დღე იქნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღე, როდესაც ხალხმა უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი - „უნდა გადავწყვიტოთ, ვეგუებით თუ არა პრორუსულ ხელისუფლებას?!“

რუსთაველის გამზირზე გაიმართა ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების წლისთავს ეძღვნებოდა. აქცია მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ როგორც აქტივისტთა ჯგუფები, ასევე პოლიტიკოსები.

ანტისაოკუპაციო აქცია დასრულდა ჰიმნით, რომელიც მუსიკოსმა, თამრიკო ჭოხონელიძემ შეასრულა.

აქცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიგეგმა. „სირცხვილიას“ წევრებმა აქციაზე მიმსვლელები რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ სავალდებულო იყო პირბადის გამოყენება და რეკომენდირებული დისტანციის დაცვა.

2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობისა და შტურმის გამო. ისინი ირწმუნებიან, რომ ოპოზიციონერების გარკვეულ ჯგუფს ხელისუფლების დამხობა ჰქონდა განზრახული. თუმცა გამოძიების შედეგად, ასეთი ბრალდება არავისთვის წაუყენებიათ.

რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის - 80-მდე პოლიციელი. დაშავებულთა შორის იყო რამდენიმე ათეული ჟურნალისტი. აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს - ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი, კიდევ რამდენიმემ - მხედველობა.

ამას მოჰყვა ხანგრძლივი საპროტესტო აქციები. მომიტინგეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო იმხანად შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG