Accessibility links

დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით უყრის კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებებს


დღეს, 21 ივნისს, პარლამენტი, რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით უყრის კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ცვლილებების პროექტის თანახმად, რომლის შინაარსიც, ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მონაწილეობით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მარტს შეთანხმდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს და საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის 150 წევრიდან 120 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული სისტემით უნდა აირჩიონ.

ამ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

19 ივნისს, საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა გაავრცელეს განცხადება, რომლითაც მათ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს მოუწოდეს „ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობა და ცვლილებების სრულად მიღება“.

20 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები, თუმცა, უარს აცხადებენ, პროცესში ჩაერთონ მეორე მოსმენისას, თუკი „მთავარი არხის“ მეწილე, გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, რომელიც გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.

კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და შენიშნავს, რომ ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება უნდა შეასრულოს.

შეგახსენებთ, გასული წლის 14 ნოემბერს, პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. მაშინ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

ცვლილებების ჩაგდების შემდეგ, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მღელვარებამ ქუჩაში გადაინაცვლა. დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით, საარჩევნო სისტემის საკითხზე მხარეთა შორის მოლაპარაკებების პროცესი დაიწყო.

რიგგარეშე სხდომა პარლამენტში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი, დღეს 12 საათისათვის დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG