Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩოს იმედი აქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერა ექნება


აშშ-ის საელჩომ საქართველოს პარლამენტის წევრებს მიულოცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღება.

„ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ“, - ნათქვამია საელჩოს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

21 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, პარლამენტის 150-დან 120 წევრი აირჩევა პროპორციული(77-ის ნაცვლად) და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით(ნაცვლად 73-ისა). გარდა ამისა, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი საარჩევნო ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულ ოცნების“ უმრავლესობის მიერაა ინიცირებული ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

21 ივნისს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა. პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა „ევროპული საქართველოს“ 20-მა წევრმა. ამასთან, პარტიაში განაცხადეს, რომ შემდგომი მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლებაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებენ, რომ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დაკავებული პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG