Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებს


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ტოვებს.

„მე დღეს გავუგზავნი განცხადებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და გავუადვილებ მას იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თავად ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს. შევუდგები მთელი ჩემი რესურსით მოძრაობა „ხალხისთვის“ შენებას იმისთვის, რომ გავაგრძელო ის მისია და ბრძოლა, რომელშიც, სამწუხაროდ, ამ შენობაში მე დავრჩი მარტო“, - განაცხადა ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე.

ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ მის წინააღმდერგ დაიწყო ორკესტრირებული პიარკამპანია, რომლის მიზანია, არ დაუშვას იმ ძალების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია:

„ამ ბინძურ პიარკამპანიას არ წარმოუდგენია არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად. ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე ორი წლის განმავლობაში მქონდა ამ შენობაში. ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, შექმნას სეირი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელსაც პოპკორნით სიამოვნებით უყურებს კლანი და უყურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ამ პირობებში, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

სამოქალაქო სექტორმა 15 ივნისს ანა დოლიძეს მოუწოდა, დატოვოს თანამდებობა, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. 7 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ შეუთავსებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის სტატუსი პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან. სამოქალაქო სექტორის განცხადება დაკავშირებული იყო ანა დოლიძის სამოქალაქო ორგანიზაციაში „ხალხისთვის“ საქმიანობასთან.

ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობასთან შეუთავსებლობის საკითხზე თავისი მოსაზრება გამოხატა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმაც და მხარი დაუჭირა იმ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც ანა დოლიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდეს, თუ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. ჯანეზაშვილმა ანა დოლიძეს მოუწოდა, განმარტოს, ვინ აფინანსებს მის ორგანიზაციას, მოძრაობას „ხალხისთვის“ და რატომ?

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებებს ანა დოლიძემ საპასუხო კრიტიკით უპასუხა, იგი მიქაუტაძე-მეთოფიშვილი-გვრიტიშვილის კლანის გვერდით დგომაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მზად იყო პოლიტიკური საქმიანობის გამო კანონის შესაძლო დარღვევის შესახებ თავი სასამართლოში დაეცვა. ნაზი ჯანეზაშვილმა დავის სასამართლოს გზით გაგრძელებაზე უარი, სასამართლოსადმი უნდობლობის გარდა, თქვა ასევე იმ მოტივით, რომ ანა დოლიძე ამასაც პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებდა.

ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობის საკითხზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის იმედს გამოთქვამდა, რომ ანა დოლიძე თავად მიიღებდა დროულ გადაწყვეტილებას.

ამავე განცხადებაში ეწერა, რომ პირმა, რომელსაც უკავია მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები და ესმოდეს, სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის.

პრეზიდენტის განცხადებას წინ უძღოდა 18 ივნისს ანა დოლიძის, „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერ ალეკო ელისაშვილისა და პარლამენტის წევრ ლევან კობერიძის მიერ „ახალი პლატფორმის“ შექმნა.

ანა დოლიძემ პრეზიდენტის განცხადების გამოხმაურებაში აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის სიტყვები „იმ პროცესის ლუსტრაციაა“, რომელზეც იგი ბოლო დღეებია საუბრობს:

ქოც-აცურიალიანსი დაინტერესებულია იმით, რომ არ გამოჩნდეს ჰორიზონტზე პოტენციური, ძლიერი ადამიანი ან შემადგენლობა, რომელიც დღევანდელ დღის წესრიგს შექმნის“.

ანა დოლიძის შეფასებით, ეს ალიანსი „კლანის მშობელია“, მათი ერთობლივი პოლიტიკური სქემა კი არის ყველას დაზიანება, ვინც შეიძლება აღმოჩნდეს „ნაც-ქოცური“ ალიანსის დაპირისპირებაში.

ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის” 21 მაისს დააფუძნა. მისი განცხადებით, მოძრაობის მიზანი „სუფთა ხელებით”, ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაა. ამავე დღეს, მან „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე „მანიფესტი ხალხისთვის” გამოაქვეყნა, მოგვიანებით მედიით ისაუბრა ორგანიზაციის ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე. ანა დოლიძე აღნიშნავდა, რომ მოძრაობა „ხალხისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციაა.

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად პრეზიდენტის კვოტით 2018 წლის იანვარში დაინიშნა. კონსტიტუცია პრეზიდენტს საბჭოს წევრის მხოლოდ დანიშვნის უფლებას ანიჭებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG