Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: არჩევნები პანდემიის პირობებში ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, ქვეყანაში ფაქტობრივად, დაიწყება საარჩევნო პროცესი.

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობას აქვს უზარმაზარი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ “როგორც ყოველთვის” ჩაატაროს გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები, რომელიც „კიდევ ერთი ხარისხის ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით“.

„არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას. არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და აქაც ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა გახარიამ კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

პრემიერ მინისტრმა საბჭოს წევრს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძეს მიმართა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გაითვალისწინონ, რომ ყოველდღიურად, ჯანმრთელობასა და ეკონომიკასთან ერთად გვემატება აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც.

საქართველოს პარლამენტში გრძელდება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებული და პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა.

პირველი მოსმენით 21 ივნისს მიღებული ცვლილებებით, პარლამენტის 150-დან 120 წევრი აირჩევა პროპორციული(77-ის ნაცვლად) და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით(ნაცვლად 73-ისა). გარდა ამისა, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი საარჩევნო ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG