Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარი ისევ ცალმხრივად გაიხსნა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დროებით გახსნა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურთან.

3 დღის განმავლობაში შინ დაბრუნებას შეძლებენ ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და „საზღვრის“ ჩაკეტვის გამო დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ.

ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებული რეგიონისკენ მიმავალმა მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ ორკვირიან თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ. აფხაზეთში დაბრუნებამდე მათ პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში გახსნილ საველე ჰოსპიტალში.

დე ფაქტო ხელისუფლებამ 14 მარტიდან ჩაკეტილი ე.წ. საზღვარი ცალმხრივად, დაახლოებით ერთი კვირით გახსნა 26 მაისსაც. ამასთან, მარტის შემდეგ ენგურის ხიდზე სამგზავრო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ამიტომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ორი კილომეტრის მანძილზე უწევთ ტვირთის ხელით გადატანა.

22-24 ივნისს, ენგურის ხიდზე გადაადგილების დროებით, ცალმხრივად აღდგენის გადაწყვეტილება დე ფაქტო ხელისუფლებამ 20 ივნისს მიიღო, რათა „საკუთარ მოქალაქეებს მისცეს ქვეყანაში დაბრუნების“ შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG