Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენისთვის მზად არის


საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს. პირველი მოსმენით მიღებულ პროექტში არსებითად არაფერი შეცვლილა.

პარლამენტის ხვალინდელი, 23 ივნისის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს ბიურო, რომლის სხდომა 15 საათზეა დანიშნული.

21 ივნისს, პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, პარლამენტის 150-დან 120 წევრი აირჩევა პროპორციული (77-ის ნაცვლად) და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით (ნაცვლად 73-ისა). გარდა ამისა, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი საარჩევნო ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერაა ინიცირებული ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

21 ივნისს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა. პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა „ევროპული საქართველოს“ 20-მა წევრმა. ამასთან, პარტიაში განაცხადეს, რომ შემდგომი მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლებაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებენ, რომ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დაკავებული პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG