Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება


6 არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულება. განცხადებაზე ხელმომწერები იმედოვნებენ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად და გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით დროულად დამტკიცდეს.

სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცვლილებების მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას, უზრუნველყოს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, რათა გამოირიცხოს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით ანგარიშსწორებისთვის გამოყენების განცდა და ამასთან, დროულად და დაბრკოლებების გარეშე იქნას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის საარჩევნო სისტემის შესაცვლელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR)“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG)“.

21 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, პარლამენტის 150-დან 120 წევრი აირჩევა პროპორციული (77-ის ნაცვლად) და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით (ნაცვლად 73-ისა). გარდა ამისა, პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი საარჩევნო ბარიერით და გაჩნდება ე.წ. ჩამკეტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება.

ეს საარჩევნო სისტემა 2024 წლამდე იმოქმედებს, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, 2024 წლიდან საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერაა ინიცირებული ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

21 ივნისს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა. პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა „ევროპული საქართველოს“ 20-მა წევრმა. ამასთან, პარტიაში განაცხადეს, რომ შემდგომი მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლებაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ აცხადებენ, რომ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის ნოემბერში დაკავებული პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილია. ამას უარყოფენ „ქართულ ოცნებაში“.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG