Accessibility links

არჩევნები და პანდემია: კორონავირუსის გამო საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, იგეგმება საარჩევნო კოდექსში ცვლილების პაკეტი, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებზეა დაფუძნებული. როგორც ის განმარტავს, ახალი კორონავირუსის გამო ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები აისახება საარჩევნო კოდექსში.

„დღეს ჩვენ გვქონდა სამსაათიანი სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობასთან, ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან არჩევნების დროს კოვიდის ინფექციის და უსაფრთხოების საკითხებზე, ამ პრობლემის მართვის საკითხზე. გამოიკვეთა ის ძირითადი საკითხები, რომელთა ასახვა ჩვენ მოგვიწევს კანონმდებლობაში და მე ვფიქრობ ეს კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარებას. მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრის, ვინაიდან ძირითად ამოცანებზე და მათი გადაჭრის გზებზე ამ საწყის ეტაპზე გამოჩნდა თანამშრომლობის სურვილი და ის, რომ პრაქტიკულად ყველა მხარე იზიარებს ამ პრობლემებს და მისი გადაჭრის პრინციპებს. ჩვენ ამ რეგულაციებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ ჩვენი საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას, მის დაცულობას და მის ჩატარებას თავისუფალ გარემოში. ეს რეგულაციები იქნება იმდენად მინიმალური, რამდენადაც ის უზრუნველყოფს ერთი მხრივ დაცვას და მეორე მხრივ არ შეზღუდავს საარჩევნო უფლებების განხორციელებას. ამისთვის ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია, მთავრობა და რა თქმა უნდა, ჩვენც, როგორც საქართველოს პარლამენტი ამას შევუქმნით სათანადო უზრუნველყოფას“, - არჩილ თალაკვაძემ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის („არჩევნები და პანდემია") შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ილაპარაკა.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს არსებული ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს, თუმცა რა იქნება ოთხ თვეში, ამის პროგნოზირება ძნელია.

„უნდა შემუშავდეს ის რეკომენდაციები, რაც საარჩევნო პროცესსა და თვითონ არჩევნების დღეს მინიმუმამდე დაიყვანს ეპიდემიის გავრცელების რისკს ქვეყანაში. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჩვენ ზოგადად ვიძლევით. საუბარია პირბადეებზე, დისტანცირებაზე, თვითონ საარჩევნო კომისიის წევრების საჭიროებისამებრ წინასწარ გამოკვლევაზე, საუბარია ასევე იმაზე, როგორ უნდა მისცენ ხმა კარანტინში მყოფმა ადამიანებმა და არის მთელი რიგი საკითხები, რაზედაც მიმდინარეობს მსჯელობა. დღეს ყველა ამ საკითხის ჩამონათვალს მივიღებთ და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ცესკოს თავის რეკომენდაციებს მისცემს. დღეს არსებობს პანდემიის პირობებში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეკომენდაციები: რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთ სივრცეში ერთდროულად, რომ დახურულ სივრცეებში უნდა ვატაროთ პირბადე, რომ აუცილებელია სანიტაიზერებით დავიმუშაოთ ხელები და ა.შ. ეს ზოგადი რეკომენდაციები უნდა მიესადაგოს საარჩევნო პროცესს, რათა ერთი მხრივ, არ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლება ხმის მიცემისა და მეორე მხრივ, ინფექციის გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ”, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG