Accessibility links

გიორგი რურუა: მივესალმები პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას


გიორგი რურუამ, რომლის გათავისუფლებაც ოპოზიციური პარტიების მოთხოვნაა, განაცხადა, რომ მიესალმება საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას. ამის შესახებ მან იმ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ბრალდებულის სახით ესწრებოდა.

"მინდა გუშინდელ გადაწყვეტილებას შევეხო, პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილების საკითხს... მივესალმები ამ შეთანხმებას და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის და ასევე მახარებს, რომ ნაბიჯი გადაიდგა წინ", - განაცხადა მან.

გიორგი რურუა გასული წლის ნოემბერში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მის დაკავებას 20 ივნისის შემდეგ დაგეგმილი აქციების დაფინანსებას უკავშირებს და სწორედ მისი გათავისუფლებაა ერთ-ერთი მოთხოვნა, რასაც პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის აუცილებელ პირობად ასახელებდნენ.

გუშინ, 21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ "ევროპული საქართველოს" დეპუტატებიც, რომლებიც მანამდე ამ პროცესში ჩართვაზე გიორგი რურუას გათავისუფლებამდე უარს აცხადებდნენ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დოკუმენტის მიღება "ევროპული საქართველოს" გარეშეც შესაძლებელი იყო. ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა და მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრამდე გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლონ.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება 8 მარტს ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო, მმართველი პარტია ამას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG