Accessibility links

კუბილიუსი: იმედი მაქვს 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება


ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე" წერს საქართველოში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. ის იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმება სრულად შესრულდება.

„მივესალმები საქართველოში პირველი მოსმენით საარჩევნო რეფორმის 136 ხმით მხარდაჭეერას. იმედი მაქვს, 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება და ყველა ოპოზიციურ პარტიას შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს შემდეგ მოსმენებში. ეს არის დემოკრატიის სიმწიფისკენ მიმავალი გზა საქართველოში პოლიტპატიმრების გარეშე", - წერს კუბილიუსი.

21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს" დეპუტატებიც, რომლებიც მანამდე ამ პროცესში ჩართვაზე გიორგი რურუას გათავისუფლებამდე უარს აცხადებდნენ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დოკუმენტის მიღება „ევროპული საქართველოს" გარეშეც შესაძლებელი იყო. ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა და მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრამდე გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლონ. „ევროპული საქართველო" ამჯერად კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენისგან განსხვავებით, მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში ერთი თვის განმავლობაში მისი ინიციატორის მოთხოვნით შესაძლოა, კვლავ დადგეს კენჭისყრაზე.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება 8 მარტს ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო, მმართველი პარტია ამას უარყოფს.

კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად: მომავალ პარლამენტში, 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევენ პროპორციული წესით (პარტიის ან ბლოკის სიიდან), ხოლო 30 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული წესით მოხდება. ამჟამად მოქმედი პარლამენტი დაკომპლექტებულია თანაფარდობით - 77/73.

ახალი სისტემით, პროპორციული არჩევნები ჩატარდება თითო პარტიისთვის 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საარჩევნო ბლოკებისათვის კი - ბარიერი განისაზღვრება 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების რაოდენობის ნამრავლით.

დაწესებული ზღვარი (ე.წ. ჩამკეტი) გამორიცხავს ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას - თუკი გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG