Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების გარემოებებს ადგენს - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 ივნისს


რა მოხდა მცხეთაში?

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მყვინთავებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, წყალში იპოვეს.

70 მეხანძრე-მაშველი დაკარგულ ფეხბურთელს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა არ აკონკრეტებს, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება ცხედარს და აცხადებს, რომ ამას შესაბამისი უწყებები გამოძიებით დაადგენენ.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

19 წლის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გაუჩინარდა მისი კვალი.

ამ ეტაპზე, შსს ყოველგვარი დეტალის გასაჯაროებისაგან თავს იკავებს. ერთადერთი ინფორმაცია, რასაც ამ ეტაპზე, უწყება რადიო თავისუფლებას აწვდის, ეს არის ის, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლითაა აღძრული.

ცნობილია ის, რომ მოწმეთა გამოკითხვა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის სამმართველოში მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ამ დროისათვის, გამოკითხული უნდა იყოს ათობით მოწმე, რადგან წვეულებაზე, სადაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მოწმის ადვოკატის თქმით, 35-40 ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო.

ადვოკატი მზია ქასრაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება იმ დეტალებს, რაც მას მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 19 წლის პირმა მიაწოდა. წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოსა და მსოფლიოში

დადასტურებული შემთხვევა - 908

გარდაცვლილი - 14

გამოჯანმრთელებული - 761

კარანტინში - 2662

სტაციონარში - 255

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 908-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 761-ია.

ვირუსის ახალი შემთხვევები ყოველდღიურად ვლინდება მსოფლიოშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ პანდემია „კვლავ აქსელერაციას განიცდის“ და მისი შედეგები ათწლეულების განმავლობაში იქნება საგრძნობი - მას შემდეგ, რაც მონაცემები აჩვენებს, რომ გლობალურად ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა.

წაიკითხე მეტი.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს უყრიან კენჭს

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, დღეს უყრიან კენჭს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მომდევნო კვირის განმავლობაში კი კონსტიტუციურ კანონპროექტს კენჭისყრაზე მესამე, საბოლოო მოსმენით დააყენებენ.

21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებიც, რომლებიც მანამდე ამ პროცესში ჩართვაზე გიორგი რურუას გათავისუფლებამდე უარს აცხადებდნენ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დოკუმენტის მიღება „ევროპული საქართველოს" გარეშეც შესაძლებელი იყო. ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა და მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრამდე გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლონ. „ევროპული საქართველო“ ამჯერად კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენისგან განსხვავებით, მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში ერთი თვის განმავლობაში მისი ინიციატორის მოთხოვნით შესაძლოა, კვლავ დადგეს კენჭისყრაზე.

წაიკითხე მეტი.

რა უფლებები (არ)ექნებათ დასაქმებულებს?

ახალი „შრომის კოდექსით“ ძლიერდება შრომის ინსპექცია და წესდება სანქცირების მექანიზმი, კანონი დაარეგულირებს შესვენების დროს, ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას და ა.შ. თუმცა გრძელია ის ჩამონათვალიც, რომელიც ახალ კანონში უცვლელად რჩება.

„შრომის კოდექსში“ ცვლილებები შედის. საქართველოს პარლამენტი ამ კვირაშიც განიხილავს კანონპროექტს, რომელიც მრავალთვიანი და მრავალმხრივი კონსულტაციების შედეგია. თუმცა, როგორც ამ პროცესში ჩართული არასამთავრობო სექტორი და გაერთიანებული პროფკავშირი მიიჩნევს, საკანონმდებლო ორგანოში, საბოლოოდ, მაინც კანონპროექტის შეკვეცილი და დამსაქმებლებისათვის სასარგებლო, კომპრომისული ვერსია შევიდა.

22 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საქართველოს პარლამენტს მოუწოდეს, გაატაროს შრომის კანონმდებლობის რეფორმა იმგვარად, რომ დასაქმებულების უფლებები გარანტირებულად იყოს დაცული.

არასამთავრობო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ „შრომის კოდექსში“ შესატან ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა:

  • შესვენებისა და დასვენების დროის დარეგულირება;
  • დასაქმებულის შრომითი დისკრიმინაციისგან დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება და გონივრული მისადაგების ცნების განსაზღვრა;
  • ნორმირებული სამუშაო დროის ახლებურად მოწესრიგება;
  • ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი ტარიფით ანაზღაურების გარანტირება;
  • სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება და სხვ.

მიუხედავად საჭირო ცვლილებებისა, საია და EMC მიიჩნევენ, რომ კანონპროექტთა პაკეტი კვლავ არ ითვალისწინებს:

  • ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ჭერს;
  • არ გვთავაზობს ხელშეკრულების შეწყვეტის ამომწურავ საფუძვლებს;
  • არ შემოაქვს სოლიდარული გაფიცვის თუ მამობის შვებულების უფლება;
  • ძალაში ტოვებს დეკრეტული შვებულების უკიდურესად დაბალ ანაზღაურებას.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

83 000 ლარი ქუჩების რეცხვაში, 28 000 - პარკებში

2020 წლის პირველ 5 თვეში, იანვრიდან მაისის ჩათვლით, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან დახარჯულია 2 მილიონზე მეტი, 2 339 216 ლარი;

ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი წელსაც ისეთ ხარჯებს ფარავს, როგორსაც წინა წლებში: მოქალაქეების მკურნალობის დაფინანსება, სოციალურად დაუცველთა კომუნალური გადასახადები, სახალხო არტისტების და საზოგადო მოღვაწეების დაკრძალვის ხარჯები და დაზიანებული სახლების ბინადრების ქირა. ნაწილი კი ეპიდემიით განპირობებული ხარჯებია: კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა დაკრძალვა, ქუჩების რეცხვა და სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე პოლიეთილენის პარკები მოხუცების საკვებისთვის.

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ხარჯები მერიის სარეზერვო ფონდიდან:

75 000 ლარი დაუჯდა მერიას ქუჩების მორეცხვა-დეზინფექცია, თავად სადეზინფექციო ხსნარები კი 8 127 ლარად შეიძინა. კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად მერიამ ქუჩების რეცხვის გადაწყვეტილება მარტის თვეში მიიღო.

ამ ამოცანის შესასრულებლად „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეციალური ტექნიკით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ჯამში ქუჩების რეცხვაში მერიამ სარეზერვო ბიუჯეტიდან 83 127 ლარი დახარჯა.

წაიკითხე მეტი.

26 წლის ბიოფერმერმა წნორიდან, ნიკა ბაგალიშვილმა პირველი მოსავალი მიიღო და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისთანავე, თავისი პატარა მანქანით პროდუქტები გასაყიდად თბილისში ჩამოიტანა. წელს მეტ მოსავალს ელოდა, მაგრამ ამ ჯერზე არ გაუმართლა. ტრაქტორი რომ მყოლოდა, უკეთესი მოსავალი მექნებოდაო, ამბობს. აგროსკოლის გაკვეთილებს ისევ ონლაინრეჟიმში აგრძელებს, თუმცა წინა კვირაში მოსწავლეები მაინც შეკრიბა და მეზობელ ბიომეურნეობაში წაიყვანა ექსკურსიაზე. მოსავალს რომ აიღებენ, თბილისში პატარა აგრობაზრობის მოწყობა უნდათ. ნიკას კი იმედი აქვს, რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდა, იქნებ მოგროვილი ფულით ტრაქტორის ყიდვაც შეძლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG