Accessibility links

რომან გოცირიძე: კენჭისყრა ოპოზიციის გარეშე ნიშნავს, რომ არჩევნები არათავისუფალ გარემოში ჩატარდება


საქართველოს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ისინი კვლავ არ მიიღებენ მონაწილეობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში. ამის შესახებ მან დოკუმენტზე კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა და მმართველ პარტიას მოუწოდა, 8 მარტის შეთანხმება შეასრულონ და გიორგი რურუა გაათავისუფლონ.

მისი თქმით, ოპოზციის ჩართულობით საკონტიტუციო ცვლილებების მიღებას მაღალი პოლიტიკური დატვირთვა ექნებოდა და მნიშვნელოვანი იქნებოდა ქვეყანაში სტაბილიზაციის კუთხით.

"კონსტიტუცია ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი კვლავ აპირებს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას, იმ დანაშაულის ჩადენას, რომელიც ის აკეთებდა ყოველთვის საარჩევნო პერიოდში, რასაც ჰქვია: მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ივანიშვილის პირადი რესურსების გამოყენებას. ეს ნიშნავს არჩევნების არადემოკრატიულ, არათავისუფალ გარემოში ჩატარებას", - თქვა მან.

21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ "ევროპული საქართველოს" დეპუტატებიც, რომლებიც მანამდე ამ პროცესში ჩართვაზე გიორგი რურუას გათავისუფლებამდე უარს აცხადებდნენ. კენჭისყრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დოკუმენტის მიღება "ევროპული საქართველოს" გარეშეც შესაძლებელი იყო. ოპოზიციურ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა და მეორე და მესამე მოსმენით კენჭისყრამდე გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლონ.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლება 8 მარტს ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო, მმართველი პარტია ამას უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG