Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში კორონავირუსით უცნობი წყაროდან ინფიცირების შემთხვევაა


საქართველოში დღეს დილით დადასტურებული კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან ჯერჯერობით დაუდგენელია ერთის ინფიცირების წყარო. დანარჩენი ორი პაციენტი კარანტინის ზონიდანაა.

ამ ეტაპზე დაუდგენელი წყაროდან ინფიცირებული ქალი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მცხოვრებია.

შუახნის ქალი მაღალი ტემპერატურით თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში 22 ივნისს მივიდა. მას ორმხრივი პნევმონია აღმოაჩნდა. კლინიკის დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის ინფორმაციით, თვითდინებით მისული პაციენტი სხვებისგან იზოლირებულად მოათავსეს და PCR ტესტირებისთვის ნიმუში აუღეს. კვლევამ კორონავირუსით ინფიცირება დაადასტურა. პაციენტს თელავიდან თბილისში გადაიყვანენ.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეპიდემიოლოგთა ჯგუფი უკვე გაემგზავრა სოფელ ყარაჯალაში, რათა დადგინდეს ქალის ინფიცირების შესაძლო წყარო და მისი კონტაქტები.

23 ივნისის დილის მდგომარეობით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 911 შემთხვევა. მათგან 768 უკვე გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG