Accessibility links

19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეში დამნაშავე გამოკვეთილი არ არის


*შესწორება: სტატიის სათაური გასწორებულია. კორექტურული შეცდომის გამო, სტატიის თავდაპირველი ვერსიის სათაური იყო "19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეში დამნაშავე გამოკვეთილია", რაც ფაქტობრივი უზუსტობაა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილი არ არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი. ეს განცხადება მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მისი სიტყვებით, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

„ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც გასცემს კითხვებზე პასუხს, თუ რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი“.

ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის.

“თუ სისხლის სამართლის საქმეში შეიკრიბება სათანადო მტკიცებულებები, კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის კუთხით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქცია იქნება მყისიერი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის თანახმად 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმე ამჟამად ორი მუხლით მიმდინარეობს, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლს ძალადობის მუხლი დაემატა.

შსს-ს თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

2020 წლის 19 ივნისს მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს ხელთ არსებული ინფორმაცია საზოგადოებას შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ გააცნო.

"2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4-დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან”, - განაცხადა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

70 მეხანძრე-მაშველი 19 წლის დაკარგულ ფეხბურთელს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი თემურ მონიავა არ აკონკრეტებდა, აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანება ცხედარს და აცხადებდა, რომ ამას შესაბამისი უწყებები გამოძიებით დაადგენენ.

19 წლის ფეხბურთელი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გაუჩინარდა მისი კვალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG