Accessibility links

NGO-ების კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს კლანური მმართველობის წინააღმდეგ დადგენილების მხარდაჭერისკენ


კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ სასამართლოში არსებული პრობლემების შესახებ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს კლანური მმართველობის წინააღმდეგ დადგენილების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„დღესდღეობით კლანური მმართველობის გავლენა უკვე გაცდა საერთო სასამართლოების ფარგლებს და საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა. 2020 წლის აპრილსა და მაისში საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიური კრიზისის პირობებში უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ისარგებლა საზოგადოებრივი ყურადღების ნაკლებობით და გაუმჭვირვალე პროცედურებით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად ორი ახალი კანდიდატი - ხვიჩა კიკილაშვილი და ვასილ როინიშვილი შეარჩია, რომელთა კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება კრიტიკას ვერ უძლებს. მათი დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ამ შემთხვევაშიც კლანის მიმართ ერთგულებაა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამის გათვალისწინებით, კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმა ჩიხშია შესული. განცხადების ავტორთა აზრით, სასამართლო სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია პრობლემის აღიარებისა და მისთვის სახელის დარქმევის გარეშე. აქედან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს ინიცირებულ დადგენილებას საქართველოს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღიარების თაობაზე და საზოგადოებასთან ერთად გადადგას ნაბიჯები კლანური მმართველობის აღმოფხვრისა და სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირებისკენ.

განცხადების თანახმად, სასამართლო სისტემაში არსებულ მმართველობით კრიზისს ადასტურებს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები და ანგარიშები.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ 2018 წლის ბოლოს პარლამენტში წარდგენილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ე.წ. 10-კაციანმა სიამ და 2019 წლის მეორე ნახევარში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა სისტემაში არსებული პრობლემები კიდევ უფრო გამოააშკარავა.

„2019 წლის 11 დეკემბერს კოალიციამ მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რომ მხარი არ დაეჭირა უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა 20-კაციანი სიისათვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებდა მოსამართლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ამის მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანომ კლანის მიმართ ლოიალურად განწყობილი 14 პირი უვადოდ განაწესა უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG