დევნილობაში მყოფმა რუსმა ბანკირმა, სერგეი პუგაჩოვმა, რომელიც თავის დროზე ვლადიმირ პუტინის მეგობრად ითვლებოდა, ინტერნეტში გაავრცელა რამდენიმე ფოტოსურათი საოჯახო არქივიდან.
რამდენიმე ფოტოზე, კერძოდ, აღბეჭდილია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქალიშვილები, კატერინა და მარია ბავშვობის ასაკში.
ერთ-ერთ ფოტოზე გამოსახული არიან პუტინის ქალიშვილები და სერგეი პუგაჩოვის შვილი, ალექსანდრ პუგაჩოვი. კრემლი წლების განმავლობაში მალავდა პრეზიდენტის ოჯახურ ცხოვრებას, ხოლო პუტინის ქალიშვილების ფოტოები პრაქტიკულად არსოდეს გამოქვეყნებულა.
მაგრამ რამდენიმე ჟურნალისტური გამიძიების წყალობით ცნობილი გახდა, რომ პუტინის ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვა, ახალგაზრდა მეცნიერების ფონდ „ინნოპრაქტიკას“ ხელმძღვანელობს.
ის ასევ დაკავებულია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე „სილიკონის ველის“ რუსული ანალოგის მშენებლობით, რომლის ღირებულება 2017 წელს თითქმის 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
პუტინის მეორე ქალიშვილი, მარია ვორონცოვა, მედიცინის მედნიერებათა დოქტორია. მისი სახელი უკავშირდება რუსეთში კიბოს კვლევასთან დაკავშირებულ უდიდეს საინვესტიციო პროექტს და ასევე კიდევ ერთ პროექტს ადამიანის გენეტიკის კვლევისა და დე-ენ-ემის რედაქტირების სფეროში.
ვლადიმირ პუტინს პირდაპირ არასოდეს გაუცია პასუხი შეკითხვაზე, არიან თუ არა მისი შვილები კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.
სერგეი პუგაჩოვი, წარსულში სენატორი და ბანკირი, 2000 წლების ბოლომდე ითვლებოდა ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენად.
მაგრამ 2009 წელს, როგორც პუგაჩოვი აცხადებს, პუტინმა მისგან მოითხოვა მიეყიდა სახელმწიფოსათვის მის კუთვნილებაში არსებული გემმშენებელი აქტივები. უარის შემდეგ მის კუთვნილებაში არსებულ „მეჟპრომბანკს“ ჩამოერთვა ლიცენზია, ხოლო პუგაჩოვის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „ცენტრობანკიდან“ აღებული 32 მილიარდი რუბლის კრედიტის ბანკიდან ოფშორებში გადატანის თაობაზე.
2011 წელს პუგაჩოვი გაიქცა რუსეთიდან და საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. რუსეთში კი ბანკირზე გამოცხადებულია ძებნა და დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა.
დაწერეთ კომენტარი