Accessibility links

ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს


„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებულ საქმეზე დაიბარეს სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურში. როგორც მელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, მან გამომძიებელს სთხოვა დაეზუსტებინა, რას უკავშირდებოდა მისი გამოკითხვა. მელაძის თქმით, გამოძიება დაინტერესდა შაბათს, „ტვ პირველის’ ეთერში გასული ჟურნალისტური გამოძიებით.

„ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაძლოა, ქართული სპეცსამსახურებისთვისაც იყო ახალი, არ ვიცი. ეს არის სრული დოსიე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებში არის დაცული ამ პირის შესახებ. ჩვენ გავედით კავშირზე ვასამბეკ ბოკოვის ძმასთან, რომელიც შაბათის ეთერისთვის მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობდა, რომ ბევრჯერ ნახა ვიდეომასალა, რომელიც მედიამ გაასაჯაროვა და ამბობს, რომ ვერ ამოიცნო ძმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო დაბალი გარჩევადობის კადრები“, - აღნიშნავს მელაძე.

როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, ის 24 ივნისს, 11:00 საათზე მივა სუს-ში. „ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, ინფორმაცია მოპოვებულია ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში და ის ვალდებული არ არის დაასახელოს წყარო, ან მოპოვების გზები. თუ კითხვები იქნება ისეთ საკითხებზე, რომელიც არ ეხება ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ მასალას, შემდეგ უკვე მოვითხოვთ დაკითხვას მაგისტრატი მოსამართლის ფარგლებში“, - ამბობს მელაძე. მისი ინფორმაციით, გამოძიება, ასევე დაუკავშირდა ამავე არხის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებული ჟურნალისტური გამოძიების ავტორია.

ჯერჯერობით უცნობის, როდის გამოკითხავენ მაკა ჩიხლაძეს.

12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში, დააკავეს რუსეთის მოქალაქე მამაკაცი, ვასამბეკ ბოკოვი. სამიზნე, სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.

15 ივნისს „მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას. მაშინ გაბუნია „რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა „პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG