Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინზინგერი პოლიტიკურ ძალებს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს


ადამ კინზინგერი
ადამ კინზინგერი

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი „პოზიტიური ნაბიჯს“ უწოდებს მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, მაგრამ აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს.

„დღეს მივიღე ინფორმაცია, რომ მეორე მოსმენით [ცვლილებები] გავიდა, როგორც ვხვდები, მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებით. მინდა ყველას მივულოცო ვინც [ცვლილებებს] ხმა მისცა. ეს პოზიტიური ნაბიჯია. ვიცი, რომ პროცესი არ დასრულებულა. ამავდროულად, მე მოვუწოდებ 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ. არ ვაპირებ შევიდე იმის განხილვაში, ვინაა მართალი, ვინაა მტყუანი ან რა უნდა გაკეთდეს კიდევ. ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენი საქმეა ორივე მხარეს ხელი შევუწყოთ რომ ითანამშრომლონ“, - განაცხადა კინზინგერმა საქართველოში საარჩევნო რეფორმის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ შეკითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლება, კინზინგერმა აღნიშნა, რომ შეთანხმება სრულად უნდა იყოს შესრულებული. „რვა მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს, დეტალებს მხარეებს დავუტოვებ და ვაცლი ჩვენს საელჩოს ამაზე საუბარს“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა.

23 ივნისს საქართველოს პარლამენტმა 115 ხმით 3-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი. მას მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობის, „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციების წევრებმა და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.

ცვლილებები „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მოამზადა ოპოზიციურ პარტიებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. მხარეთა მოლაპარაკების პროცესში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები მონაწილეობდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG