Accessibility links

წინ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენაა - რა არ უნდა გამოგრჩეს 24 ივნისს


გამოხმაურებები საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე კენჭისყრაზე

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც იცვლება არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი. რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მხარდამჭერი 115 იყო.

ცვლილებების კანონად ქცევისთვის სამი მოსმენაა საჭირო და თითოზე მინიმუმ 113 ხმა.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები ყოფილი თანაგუნდელებისა და "პატრიოტთა ალიანსისგან" მოაგროვა. დოკუმენტის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, კახა ოქრიაშვილმა; კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ნატო ჩხეიძემ შეიკავა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ავტორი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს მესამე მოსმენითაც უპრობლემოდ დაამტკიცებენ.

კობახიძის შეფასებითვე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, უხეშად დაარღვიეს 8 მარტის შეთანხმება. ირაკლი კობახიძემ ამ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს მოუწოდა, შეთანხმება შეასრულონ და მომავალ ორშაბათს დაგეგმილ კენჭისყრაზე მივიდნენ. თუმცა, როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებები მათ გარეშეც უპრობლემოდ გავა.

კენჭისყრამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ მოუწოდა მმართველ გუნდს შეთანხმების შესრულებისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ. სხდომის წინ პარტიის წევრმა რომან გოცირიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ჩართულობით საკონტიტუციო ცვლილებების მიღებას მაღალი პოლიტიკური დატვირთვა ექნებოდა და მნიშვნელოვანი იქნებოდა ქვეყანაში სტაბილიზაციის კუთხით.

„კონსტიტუცია ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი კვლავ აპირებს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას, იმ დანაშაულის ჩადენას, რომელსაც ის აკეთებდა ყოველთვის საარჩევნო პერიოდში, რასაც ჰქვია: მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ივანიშვილის პირადი რესურსების გამოყენება. ეს ნიშნავს არჩევნების არადემოკრატიულ, არათავისუფალ გარემოში ჩატარებას“, - თქვა მან.

გუშინ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მხარდაჭერას. მან წუხილი გამოთქვა „ვიწრო ზღვრის” გამო და გამოთქვა იმედი, რომ მესამე მოსმენისთვის კანონპროექტს ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება.

ასევე „ტვიტერზე“ გამოეხმაურა კენჭისყრას შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი. მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერას მან პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ფეხბურთელის სიკვდილი - გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს

შსს-ში გაკეთებული ოფიციალური განცხადების მიუხედავად, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარშემო, სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა და ვერსია ჩნდება. რა მოხდა ნარეკვავის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ აგარაკზე? როგორ გაგრძელდა მოვლენები თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო ტრასაზე? როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში? ჰყავს თუ არა გამოძიებას სავარაუდო ბრალდებული ან ბრალდებულები? - ამ და სხვა კითხვებზე პასუხები ისევ ბუნდოვანია და მხოლოდ მოწმეებისა და ადვოკატების ფრაგმენტული მონათხრობის შედეგად ცდილობს მედია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების სურათის აღდგენას.

შსს-ში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ უწყება რამდენიმე საგამოძიებო ვერსიას განიხილავს, სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც 143-ე მუხლით, ანუ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით იყო აღძრული, დაემატა კიდევ ერთი, 126-ე, ძალადობის მუხლი, საქმეში დამნაშავე გამოკვეთილი არ არის და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით, მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

23 ივნისს, შსს-ში გაკეთებული განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

როგორია მოწმეებისა და ადვოკატების ბუნდოვანი, არასრული ვერსიები საქმესთან დაკავშირებით, წაიკითხე ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 911

გარდაცვლილი - 14

გამოჯანმრთელებული - 768

კარანტინში - 2601

სტაციონარში - 259

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვი 911-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 7 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 768. დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოს დატოვებს კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი. დილიდან ცნობილი გახდება ინფიცირებულთა შესახებ განახლებული მონაცემებიც.

კორონავირუსის 3 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ჯერჯერობით დაუდგენელია ერთის ინფიცირების წყარო. პაციენტი ქალი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მცხოვრებია.

შუახნის ქალი მაღალი ტემპერატურით თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში 22 ივნისს მივიდა. მას ორმხრივი პნევმონია აღმოაჩნდა. კლინიკის დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის ინფორმაციით, თვითდინებით მისული პაციენტი სხვებისგან იზოლირებულად მოათავსეს და PCR ტესტირებისთვის ნიმუში აუღეს. კვლევამ კორონავირუსით ინფიცირება დაადასტურა. პაციენტს თელავიდან თბილისში გადაიყვანენ.

11 სარჩელი სასამართლოში და საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები მაუწყებლის დირექტორს, გოგა კოხრეიძეს, დევნასა და შრომითი უფლებების დარღვევას ედავებიან. პროკურატურაში შესულია ჟურნალისტების ორი წერილი, სადაც დირექტორის მხრიდან მათზე განხორციელებული დევნის გამოძიებას ითხოვენ, 11 სარჩელით კი, რომელიც ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოშია შესული, ჟურნალისტები შრომითი უფლებების დარღვევას ასაჩივრებენ. მათ შორისაა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილისა და ყოფილი მთავარი რედაქტორის, მაია მერკვილაძის, სარჩელი, რომელსაც სასამართლო 26 ივნისს განიხილავს.

იგი რეგიონალური მაუწყებლის მენეჯმენტს ედავება აქტს, რომლითაც მისი თანამდებობა გაუქმდა, და გადაწყვეტილებას, რომლითაც შემდგომში იგი დანიშნეს არათანაბარ პოზიციაზე. ამ გადაწყვეტილების შედეგად, მაია მერკვილაძე ტელევიზიაში დაკავებულ თანამდებობას მიმდინარე წლის თებერვალში ჩამოაშორეს. ახლა იგი აღარ ქმნის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკას და, როგორც ამბობს, აჭარის რადიოში უკვე მომზადებული „ახალი ამბების“ გამოქვეყნებითაა დაკავებული. მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ასე ჩამოაშორეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს არასასურველი სხვა ჟურნალისტებიც.

წაიკითხე მეტი.

ნოლეს კლასტერი

საჩოგბურთო სამყარო ტურნირების მოლოდინშია და კვირებს ითვლის. მარტის დასაწყისში შეჩერებული სეზონი აგვისტოდან უნდა განახლდეს. პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ უკვე შეჯიბრებების ჩასატარებელი სამედიცინო პროტოკოლიც დაამტკიცა, მაგრამ ბოლო დღეებში დატრიალებულმა ამბებმა საჩოგბურთო ორგანიზაციებს სერიოზული საფიქრალი გაუჩინა, ქომაგები კი გვარიანად აანერვიულა - COVID-19-ით ოთხი ცნობილი ჩოგბურთელი დაინფიცირდა და შეიძლება ინფიცირებულ სპორტსმენთა რაოდენობა ამ დღეებში კიდევ უფრო გაიზარდოს. კორონავირუსი დაუფიქსირდა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერს, დიდი სლემის ტურნირების 17-გზის ჩემპიონს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს და მის მიერ ახლახან ორგანიზებული ტურნირის მონაწილეებს.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რამდენიმე კვირის წინ გადაწყვიტა ჩოგბურთის გულშემატკივრები გაეხარებინა და საჩვენებელ ტურნირზე სათამაშოდ უხმო კოლეგებს. „Adria Tour” - ასე ჰქვია მამაკაც ჩოგბურთელთა ტურნირს, რომელიც ოთხ ეტაპად უნდა ჩატარებულიყო ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში.

პირველი შეჯიბრება 13-14 მარტს ბელგრადში გაიმართა და მასში მონაწილეობა არაერთმა ტოპ-ჩოგბურთელმა მიიღო, მათ შორის თავად ჯოკოვიჩმაც, მაგრამ ფავორიტი თავის ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. ბელგრადის ტურნირის ჩემპიონი ავსტრიელი დომინიკ ტიმი გახდა, რომელმაც ფინალში გერმანიის სახელით მოთამაშე ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის შეჯიბრებას პირველსავე ეტაპზე კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა. ჟურნალისტებმა ნოლეს ორგანიზების ხარისხი დაუწუნეს - უფრო კონკრეტულად, უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა. ორგანიზატორებმა შეჯიბრებაზე დაუშვეს მაყურებლები და, თან, ისინი კორტთან საკმაოდ ახლოს დასხეს. სოციალური დისტანცირების წესი არც პრესკონფერენციებზე იყო დაცული და სპორტსმენებიც გადაჭარბებულად თავისუფალი მოქმედებით დიდი რისკის ქვეშ აგდებდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.

წაიკითხე მეტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG