Accessibility links

მიხეილ სააკაშვილი: პუტინი საშიშია, მაგრამ არა იმდენად, რომ მისი ძალიან გეშინოდეს


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს,რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საშიშია, რადგან მისთვის არ არსებობს „პრინციპები და მორალური შეზღუდვა“, მაგრამ არა იმდენად, რომ მისი ძალიან გეშინოდეს.

„იგი[პუტინი] თვლის, რომ წარმატების მიღწევის ერთადერთი მეთოდი ეს არის, სხვების დამცირება, სხვების დახოცვა და დაპყრობა, სხვების მუხლებზე გადამტვრევა და ასე შემდეგ. უნდა გავიხსენოთ, რომ მე იმ იშვიათ ადამიანთა შორის ვარ, რომელსაც იგი ღიად დაემუქრა მოკვლით, მაგრამ ჯერ კიდევ დავდივარ“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა უკრაინელ ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში.

სააკაშვილმა გაიხსენა, რომ პუტინი მას პირველად მინსკში პირისპირ შეხვედრაზე დაემუქრა საქართველოდან რუსი ჯაშუშების გაძევების შემდეგ.

„მინსკში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე [2006 წელს] პუტინმა რომელიღაც ბნელ ოთახში ცალკე გამიყვანა, ფრჩხილები მუხლში ჩამასო, თვალი თვალში გამიყარა და ომით დამემუქრა. როგორც შემდეგ დავინახეთ, ის არ ხუმრობდა“, - აღნიშნა სააკაშვილმა სატელევიზიო პროგრამაში „სტუმრად დმიტრი გორდონთან“, რომელიც იუთუბის არხით გადაიცემოდა.

მეორედ კი მიხეილ სააკაშვილის თქმით, პუტინმა მას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის პირით შემოუთვალა, რომ "ერთი ადგილით დაკიდებდა", თუ ხელს არ მოაწერდა კაპიტულანტურ შეთანხმებას.

"სარკოზის უნდოდა, რომ მე ხელი მომეწერა [შეთანხმებაზე]. მან მითხრა, რომ თუ ხელს არ მოაწერ მეექვსე პუნქტს, სარკოზი-პუტინის შეთანხმების, ხვალ დილით აქ იქნებიან რუსული ტანკები. შენ მოგკლავენ, შენი მეგობარი ბუში [აშშ-ის პრეზიდენტი] ვერ გიშველის, ის არ გამოგიზავნის ჯარებს, ხოლო მე შენთვის გამოსაგზავნი ჯარი არ მყავს. მე ვუთხარი, კი ბატონო, ნიკოლა წადი, არ არის პრობლემა, მაგრამ რომც მომკლან, მე ხელს არ მოვაწერ იმ საშინელებას, რაც შენ ჩამოიტანე ჩვენი წინასწარი მოლაპარაკების დარღვევით, რაშიც მსგავსი არაფერი ყოფილა. უბრალოდ იყო მუხლები ჯარების გაყვანისა და ზავის შესახებ, და არა იმაზე, რომ თანახმა ვარ საქართველოს ტერიტორიების დანაწევრებაზე. საღ გონებაზე მყოფი ასეთ რამეს ხელს არ მოვაწერ, მეთქი", - განაცხადა მიხეილ საააკშვილმა.

ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით რუსეთმა და საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ნიკოლა სარკოზი თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა და თან რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებული გეგმა ჩამოიტანა, რომელსაც, ოფიციალური ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებების შემდეგ, საქართველომ - 15 აგვისტოს, ხოლო რუსეთმა 16 აგვისტოს მოაწერა ხელი.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ცნობილია 12 აგვისტოს ხელშეკრულების სახელით, რომელსაც ხშირად და სხვადასხვა დონეზე სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიან გეგმასაც უწოდებენ. თბილისი კი იმთავითვე ამტკიცებდა, რომ დოკუმენტი, სახელწოდებით სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი გეგმა, ბუნებაში არ არსებობს.

ქართული მხარეს პრეტენზიები ჰქონდა დოკუმენტის მე-6 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამომავლო სტატუსის გარშემო საერთაშორისო მოლაპარაკებების გამართვას ითვალისწინებდა. ხელისუფალთა განცხადებით, დოკუმენტიდან ამ მოთხოვნის ამოღება თავად სარკოზის აქტიური ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

საბოლოოდ რუსეთმა არათუ არ შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი შეთანხმება, არამედ მალე, 2008 წლის 26 აგვისტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG