Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ლუგარის ლაბორატორიას სტუმრობდა


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლუგარის ლაბორატორიაში
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლუგარის ლაბორატორიაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს ეწვია და მის თანამშრომლებს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

გახარიას სიტყვებით, ცენტრის დამსახურებაა ის, რომ საქართველომ, ჯერ კიდევ პანდემიის გამოცხადებამდე, მნიშვნელოვანი პრევენციული ზომები გაატარა.

მისივე შეფასებით, ცენტრის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის შედეგია ის, რომ: „ქვეყნის ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია“:

„უახლესი სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიის საქართველოში არსებობა ქვეყანას აძლევს საშუალებას, ეფექტიანად შეძლოს სხვადასხვა საშიში დაავადების დიაგნოსტირება და ეპიდზედამხედველობა, რიგ შემთხვევაში კი - რეგიონში ექსკლუზიურადაც“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის მხარდაჭერის შედეგია საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის არსებობა.

ლუგარის ცენტრმა COVID-19-ის კვლევები 30 იანვრიდან დაიწყო. ტესტირების გაფართოებასთან ერთად, დიაგნოსტირებაში ჩაერთო 18 ლაბორატორია. თუ მარტში დღიურად 73 კვლევა ტარდებოდა, ზაფხულის პერიოდში ტესტირება გაფართოვდება და აგვისტოში ეს რიცხვი 4 000-ს მიაღწევს, ხოლო შემოდგომისთვის, დღეში 10 000-მდე ნიმუშის ტესტირება იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG