Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოდარ მელაძე სუს-ში გამოკითხვაზე: იყო კონკრეტული კითხვები და ყველა კითხვაზე იყო სტანდარტული პასუხი


"TV პირველის" ჟურნალისტმა, ნოდარ მელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შეკითხვები 20 ივნისს ტელეკომპანია პირველზე, მისი გადაცემის ეთერში გასულ სიუჟეტს და "მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის საქმეს შეეხებოდა. თუმცა ყველა კითხვაზე ჰქონდა სტანდარტული პასუხი, რომ მას, როგორც ჟურნალისტს, არ აქვს წყაროს დასახელების ვალდებულება.

„კითხვების პირველი ნაწილი ეხებოდა იმას, თუ როდის გავიგე, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადება იგეგმებოდა, მქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ გიორგისგან, ხომ არ უთქვამს მანამდე, რომ იყო თვალთვალის მსხვერპლი ან ხომ არ გვისაუბრია ამ თემასთან დაკავირებით. პირველად როდის მივიღე ინფორმაცია სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით“, - თქვა ნოდარ მელაძემ.

ამასთან, ნოდარ მელაძის განცხადებით, სუს-ში დაინტერესდნენ, ჟურნალისტური გამოძიება მედიამ თავისი ინიციატივით დაიწყო თუ ვინმემ დაავალა ან სთხოვა.

„აინტერესებდათ, ჩვენთან არის თუ არა შენახული, პირველადი ფორმით, ანუ ვიდრე სატელევიზიო გრაფიკად მოხდებოდა ადაპტირება, დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ მოვიპოვეთ. რა შინაარსის დოკუმენტებია ჩვენს ხელში, გვაქვს თუ არა კიდევ სხვა დოკუმენტები, რომლებიც ჯერ ეთერში არ გაგვისაჯაროებია და ვგეგმავთ თუ არა კიდევ ჟურნალისტური გამოძიების მომზადებას არ თემაზე“, - ამბობს ნოდარ მელაძე.

მისი სიტყვებით, მოპოვებული დოკუმენტები წყაროს უსაფრთხოების მიზნით პირველადი ფორმით აღარ ინახება.

ამასთან, მისი განმარტებით, ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის ერთი - „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი გვაძლევს საშუალებას, ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის შესახებ არ მივცეთ ჩვენება. ასეც ჩაიწერა ჩვენებაში“.

ნოდარ მელაძის სიტყვებით, ისინი მუშაობენ, რომ ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილი შაბათს გავიდეს ეთერში „ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი დეტალით“, მაგრამ რა არის უკვე მოპოვებული და კიდევ რის მოპოვებას გეგმავს გუნდი, ამის თქმის ვალდებულება წინასწარ არ აქვთ.

ნოდარ მელაძის განმარტებით, ჟურნალისტური გამოძიება „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამისა და სუს-ის მიერ განცხადების გავრცელების შემდეგ დაიგეგმა.

ნოდარ მელაძის სიტყვებით, მას დარჩა განცდა, რომ გამოძიებამ რეპორტაჟიდან „ბევრი ახალი ამბავი გაიგო“.

ჟურნალისტების კითხვაზე, მივა თუ არა სუს-ში ან სასამართლოს წინაშე გამოკითხვას ხომ არ მოითხოვს ხელმეორედ დაბარების შემთხვევაში, ნოდარ მელაძემ უპასუხა:

„კანონი მიცავს და არაფრის ლაპარაკს არ ვაპირებ, ამ ერთ ფრაზას აქ ვიტყვი თუ სასამართლოში, არსებით მნიშვნელობას ვერ ვხედავ“- თქვა ნოდარ მელაძემ.

12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში, დააკავეს რუსეთის მოქალაქე მამაკაცი, ვასამბეკ ბოკოვი. სამიზნე, სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.

15 ივნისს „მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას. მაშინ გაბუნია „რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა „პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG