Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი წოწკოლაურის თქმით, სოციალურ აგენტებს სამგზავრო თანხა გაუორმაგდებათ


სოციალური აგენტების მოთხოვნას, გადაადგილების ხარჯის ანაზღაურების შესახებ გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური. ის უახლოეს დღეებში აპირებს მათთან შეხვედრას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, უახლოეს ხანში სოციალური აგენტებს სამგზავრო თანხა გაუორმაგდებათ, ისინი ხელზე აიღებენ დამატებით 80 ლარს.

„ის ფიქსირებული ხელფასი, რომელზედაც საუბრობენ, 80 ლარზე, ეს, რა თქმა უნდა, ხელზე მისაღებ თანხაზე არის საუბარი, ზოგადად, ჩვენი ხარჯი, გამოწერილი 100 ლარი არის, ამაზე არ ვაპელირებ, ისე ვიძახი. იყო შეთანხმება, რომ ეს ყოფილიყო მათთვის სამგზავრო თანხა და ამაზე მინისტრმა უკვე მოგვცა დავალება და შეჯერებული ვართ, რომ ეს თანხა გაორმაგდება. პროცედურული ნაწილის დასრულებას უახლოეს მომავალში ველოდებით. ეს არ არის 2-3-თვიანი პერიოდი“, - თქვა გიორგი წოწკოლაურმა.

მინისტრის მოადგილემ ილაპარაკა სოციალური აგენტების ანაზღაურების შესახებაც. „რაც შეეხება გადამოწმებების მასშტაბებს, მათ კიდევ დამატებით აქვთ ის 6-ლარიანი ანაზღაურება. ეს არის პროგრამის განხორციელების ნაწილი. თუ პროგრამას ექნება უფრო მეტი ვალიდურობა, რომ უფრო მეტი ადამიანი გადამოწმდეს, ექნებათ, შესაბამისად, მომატებული თანხები. ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 700 ლარის ფარგლებშია. როგორც კი რეორგანიზაციის ეს ფაზა დასრულდება, მათთვის კონტრაქტები გახდება ჯერ 6-თვიანი, შემდეგ - ერთწლიანი“, - ამბობს წოწკოლაური.

სოციალურმა აგენტებმა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს 5 მაისს მიმართეს. მათი განცხადებით, სოციალური აგენტების 2020 წლის აპრილის თვის ხელფასმა შეადგინა 80 ლარი. არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო ისინი ვერ ახერხებენ სამუშაოზე გასვლას, რადგან საბაზისო 80 ლარის გარდა დამატებითი ხელფასი არის გამომუშავებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG