Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოციალური აგენტები 29 ივნისიდან იწყებენ გაფიცვას


სოფო ჯაფარიძე, დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის” თავმჯდომარე
სოფო ჯაფარიძე, დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის” თავმჯდომარე

დამოუკიდებელი პროფკავშირის „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ სოციალური აგენტები 29 ივნისიდან იწყებენ გაფიცვას. მათ მოთხოვნებს შორის არის შრომის ანაზღაურების გაზრდა და ერთწლიანი ხელშეკრულებების გაფორმება. სოციალურმა აგენტებმა დაახლოებით ორი თვის წინ, საგანგებო მდგომარეობის დროს მიმართეს „სოლიდარობის ქსელს“, რომლის წევრებიც თავად არიან და თქვეს, რომ მათთვის ჩარიცხული ხელფასი 80 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით ჩაურიცხეს 60 ლარი, შემდეგ კიდევ და საბოლოოდ ანაზღაურება 240 ლარი გამოუვიდათ.

სოფო ჯაფარიძე კიდევ ერთ საკითხს ასახელებს: სოციალურ აგენტებს ყოველთვე უწევთ ახალი ხელშეკრულების დადება, რაც, მისი შეფასებით, დარღვევაა. „სამჯერ თუ დაუდებ ხელშეკრულებას უკვე უვადო ხდება. თვითონ სახელმწფო არღვევს კანონს“, - შენიშნავს „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე.

ჯაფარიძე ანაზღაურების ფორმას ასე განმარტავს, სოც. აგენტებს 80 ლარს აძლევენ და შემდეგ გამომუშავებაზე არიან. „ძალიან ხშირად, შეიძლება არ ჰყავდეთ საკმარისი ბენეფიციარი და ხელფასი შეიძლება იყოს 300 ლარი. ყველაზე მაღალი კი 700 ლარია. ზოგადად მათი ანაზღაურება 300-დან 700 ლარამდე, მაგრამ საშუალო ანაზღაურებად შეგვიძლია, 500 ლარი მივიჩნიოთ“, - გვითხრა სოფო ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, სოც. აგენტების სამუშაო პირობები. როგორც ჯაფარიძემ თქვა, მათ ხშირად აჯარიმებენ.

„თუ მივიდა სოც. აგენტი და კონკრეტულმა ოჯახმა უთხრა, რომ ეს ეზო მთლიანად მისი არ არის და მხოლოდ ნახევარია, ამ შემთხვევაში თუკი სოციალურმა აგენტმა არ გადაამოწმა, ან რამე არასწორად დაწერა, შემდეგ ჩამოაჭრიან ხელფასს ჯარიმის ფორმით. ხანდახან ნახევარ ხელფასს ართმევენ ხოლმე. ამასთან, მათ არ აქვთ სამგზავროდ თანხა გამოყოფილი. გარდა ამისა, მართლა შეტაკებებია, ხალხი ურტყამს სოციალურ აგენტებს. ყველას ჰგონია, რომ სოც. აგენტებს შეუძლიათ თვითონ დანიშნონ დახმარება. რეალურად არანაირი უფლებამოსილება მათ არ აქვთ. სისტემაში შეაქვთ მონაცემები და ის ანგარიშობს რამდენი ქულა რას ნიშნავს. საქართველოს მთელი არასწორი სოციალური პოლიტიკის გამო ხალხში არსებული აგრესია მათზე გადადის“, - აღნიშნავს სოფო ჯაფარიძე.

მას შემდეგ, რაც „სოლიდარობის ქსელმა“ და სოც. აგენტებმა მედიაციის პროცესი მოითხოვეს, სახელმწიფომ მედიატორი დანიშნა, რომელიც ორივე მხარეს ელაპარაკებოდა. მიუხედავად ამისა, ჯაფარიძის თქმით, მათ არაფერი მოიმოქმედეს.

„ტიკარაძე ჩვენ არ შეგვხვდა, ასეთ დროს ჩვენ, მედიატორი და სამინისტრო ერთად დავსხდებოდით, მაგრამ უარი თქვეს ამაზე. მათ შეეძლოთ შეგვხვედროდნენ, გველაპარაკა, მაგრამ არაფერი გააკეთეს. მინისტრის მოადგილის განცხადებებით გვესაუბრებიან“, - ამბობს ის და დასძენს, რომ გაფიცვის თარიღის გამოცხადებამდე მათ ყურადღება არავინ მიაქცია. ახლა კი სამინისტროში შედგება სოც.აგენტებთან შეხვედრა.

დღეს, 24 ივნისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს სოციალურ აგენტებთან შეხვედრას. მან ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა სოც. მუშაკების ანაზღაურების საკითხი და აღნიშნა, რომ მალე მათ 80 ლარი დაემატებათ.

„ის ფიქსირებული ხელფასი, რომელზედაც საუბრობენ, 80 ლარზე, ეს, რა თქმა უნდა, ხელზე მისაღებ თანხაზე არის საუბარი, ზოგადად, ჩვენი ხარჯი, გამოწერილი 100 ლარი არის, ამაზე არ ვაპელირებ, ისე ვიძახი. იყო შეთანხმება, რომ ეს ყოფილიყო მათთვის სამგზავრო თანხა და ამაზე მინისტრმა უკვე მოგვცა დავალება და შეჯერებული ვართ, რომ ეს თანხა გაორმაგდება. პროცედურული ნაწილის დასრულებას უახლოეს მომავალში ველოდებით. ეს არ არის 2-3-თვიანი პერიოდი“, - თქვა გიორგი წოწკოლაურმა. მან სოც. აგენტების ანაზღაურების შესახებ საუბრისას მხოლოდ 700 ლარი და არ დაუზუსტებია, რომ ბენეფიციართა ნაკლებობის შემთხვევაში თანხა შეიძლება გაცილებით ნაკლები იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG